საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის დროებით გადართვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109
კმ-იან საავტომობილო გზაზე, გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით.
კერძოდ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის 80
კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვის
გამო.
დეპარტამენტის ცნობით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო
გზის რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის გეგმიური
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც აფერხებს ავტოტრანსპორტის გაზრდილი
ნაკადების გადაადგილებას.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მარშრუტის ორ მონაკვეთზე, გზის ცალ
მხარეს მიმდინარე სამუშაოების გამო, შევიწროებულია გზის სავალი
ნაწილი. კერძოდ: სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლის
მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში, 69-ე კმ-ზე; სოფელ კაცხთან, 78-ე
კმ-ზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შენდება საყრდენი
კედელი; კმ70 - კმ 82-ზე (ჭიათურა-სოფელი ჯოყოეთი) და კმ84 - კმ106
(სოფელი რკვია - ზესტაფონი) მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო
გზის რეაბილიტაცია, ხოლო კმ84-კმ107 მონაკვეთზე წარმოებს 16
დამეწყრილი უბნის (სოფელი დილიკაურის ტერიტორია) სარეაბილიტაციო
სამუშაოები.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მძღოლებსა და
მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, ამ დრომდე გრძელდება სპეციალისტების
მუშაობა მეწყრული უბნის შესასწავლად. პროცესში ჩართული მხარეები
ყველაფერს აკეთებენ კვლევების საბოლოო შედეგების დროულად მისაღებად და
ძირითად მაგისტრალურ საავტომობილო გზაზე (რიკოთის მონაკვეთზე)
მოძრაობის აღსადგენად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები