ქუთაისში, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტმა ასოციაციამ პროექტის
„ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის გაუმჯობესება იმერეთის
მუნიციპალიტეტებში“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
პროექტის ფარგლებში, იმ კრიტერიუმების გაუმჯობესებისათვის, რომლებშიც
იმერეთის რეგიონის თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მაინც აქვს მაღალი
შეფასება (80% და მეტი), მოხდა არსებული წარმატებული გამოცდილების
გაზიარება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის. ასევე, იმ კრიტერიუმების
გაუმჯობესებისათვის, რომლებშიც არცერთ მუინიციპალიტეტს რეგიონში არ
აქვს მაღალი შეფასება, საეა-ს ექსპერტების მიერ შეთავაზებული იქნა
საუკეთესო პრაქტიკა ადაპტირებული სახით და გაეწიათ ექსპერტული
კონსულტაციები მათი დანერგვისათვის.
პროექტის მენეჯერის პაატა კლდიაშვილის თქმით, პროექტის მიზანი
იმერეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის
2023 წლის შეფასებების გაზრდა იყო.
„პროექტის „თვითმმართველობის ინდექსის გაუმჯობესება იმერეთის
მუნიციპალიტეტებში“ შემაჯამებელი ღონისძიება გავმართეთ დღეს, სადაც
წარმოვადგინეთ პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, რომლებიც ჩვენ
განვახორციელეთ იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში. ცალსახად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ თვითმმართველობის ინდექსის შეფასებები, რომლებიც უახლოესს
მომავალში გაიმართება, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა შეფასება
იყო 2021 წლისა.
ძირითადი შედეგები, რაც მიღწეული იქნა ამ ეტაპზე, შუალედური შედეგების
სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის: აღნიშნული მუნიციპალიტეტების
ვებგვერდების ინფორმაციულობის ხარისხის გაზრდა; საჯარო ინფორმაციის
პროაქტიული გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესება და გააქტიურება;
ასევე, მთელი რიგი ახალი მიდგომების დანერგვა გარკვეულ საჯარო
ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით“, - განმარტა პაატა
კლდიაშვილმა.
შეხვედრას პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების, დონორი და
ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
„მათ მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული
აქტივობების, ასევე მიმდინარე შედეგების შესახებ, რომლებიც ამ ეტაპზე
უკვეა მიღებული და იმ სავარაუდო შედეგების შესახებ, რომლებსაც
უახლოესს მომავალში შეფასების სახით დადასტურებული ფორმით მივიღებთ“,-
განაცხადა კლდიაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიზანია, საქართველოში
გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის
ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და
კორუფციის რისკების შემცირება.
პროექტი კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი
სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება
საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები