"სად არის საქართველოს ადგილი გლობალიზებულ სამყაროში?!"
გლობალიზაცია ყველა სფეროში ვლინდება. უცხო ქვეყნის ფეხბურთელი რომ
ჩვენს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ეს გლობალიზაციაა, სხვადასხვა
ქვეყნის პროფესორებს რომ ერთ დარგში აძლევენ ხარისხს, ესეც
გლობალიზაციაა. მსოფლიო გლობალიზაციის ყველაზე საუკეთესო ლუსტრაცია კი
ვირტუალური სამყაროა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს რომელიღაც
კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევას ვუყუროთ.
პროფესორ ირაკლი ჯულაყიძის საჯარო ლექცია "გლობალიზაცია და
საქართველო", მსოფლიო პროცესში მცირე ერების ადგილსა და ამ ადგილის
მოპოვების გზებს შეეხებოდა.
მომსხენებლის აზრით, მსოფლიო გამოწვევების წინაშე მცირე ერებს
მნიშვნელოვანი სირთულეები ხვდებათ, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაში,
მსოფლიო გლობალურ მაგიდასთან არასდროს იქნება მათი ადგილი. ამის
მიუხედავად, მცირე ერებს გლობალიზაციის არათუ უნდა ეშინოდეთ, არამედ,
პირიქით, ამ პროცესში გადარჩენის შანსს უნდა ხედავდნენ.
"ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს, ვერც ქართველობას და ვერც რწმენას.
ყველაფერი რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენშია. მთავარი შეკითხვა,
რაზეც უნდა ვფიქრობდეთ, არის ის, თუ სადაა ჩვენი ადგილი და როგორ უნდა
დავიმკვიდროთ თავი იქ, სადაც ყოფნა ჩვენთვის ასეთი აუცილებელია.
საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია არამხოლოდ ღირსეული ადგილი
დაიმკვიდროს ამ სივრცეში, არამედ, იდეების გენერატორიც
იყოს",–მიიჩნევს პროფესორი.
მომხსენებლის თქმით, ჩვენი, როგორც მცირერიცხოვანი ერისთვის უმთავრესი
ბერკეტი ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზებაა.
"ქართველი არ არის ზარმაცი, მაგრამ ის არ არის ბუნებით მუშა. ჩვენში
სხვა მენტალიტეტი დევს. ჩვენ გვაქვს ნიჭი შევქმნათ ინტელექტუალური
პროდუქტი. არც რემბრანდტი, არც ლეონარდო დავინჩი და არც ვინმე სხვა არ
არის რენესანსისტი. რენესანსი შოთა რუსთაველით და მისი
"ვეფხისტყაოსნით" იწყება",–მიიჩნევს ირაკლი ჯულაყიძე.
პროფესორის აზრით, მცირე ერების და მათ შორის ქართველების უმთავარესი
პრობლემა, რაც მათ მსოფლიო ინტეგრაციის გზაზე აფერხებს, არის
არატოლერანტული განწყობა ყოველგვარი უცხოს მიმართ.
პროფესორ ირაკლი ჯულაყიძის ლექცია, პოლიტიკური ცენტრის "გირჩის"
ქუთაისის ოფისში გაიმართა.
მარიამ პატარაია
მასალის გამოყენების პირობები