ექვსი წლის წინ დაანონსებული ქუთაისის ცენტრალური ბულვარის
რეაბილიტაცია წელს დაიწყება.
სარემონტო სამუშაოების შესრულებელი კომპანია უკვე გამოვლენილია.
პარკის კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში [NAT220025121] შპს
„დაგმა“ გაიმარჯვა, რომელსაც ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ
განთავსებული შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადება და ამის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების
განხორციელება ევალება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,
ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები
მიმდინარეობს.
"რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, ჯერ რაღაც
დეტალებია შესათანხმებელი დამკვეთთან და ზუსტი თარიღი მაშინ
გვეცოდინება“, - ამბობს "დაგის" წარმომადგენელი.
ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების
(დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) საპროექტო და
სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 14 მილიონ 850 000 ლარია
გამოყოფილი.
მას სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში
(Design-Build მეთოდით) მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების გაწევის და
სამუშაოების შესრულების სრული ვადა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს
მოიცავს, საგარანტიო ვადა კი 2 კალენდარულ წელს შეადგენს.
ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის
მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი
წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ
გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული
ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის
შემუშავება არ მოხდა.
რატომ ჩაიშალა ბულვარის რეაბილიტაცია წლების წინ -
"ქუთაისიპოსტის" მასალა ნახეთ
აქ.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს
გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით,
მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები
ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში,
სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები