ქუთაისში, მუხრანის ტყეში საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა, ასევე
დამონტაჟდება განათებები.
ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ
განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო
დეპარტამენტი წელს განახორციელებს.
„ორი წელია მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენს ქალაქში,
რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მუხნარის ტყის
გადარჩენაზე არის გამიზნული. ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ
გაკეთდა: მთლიანად შემოიღობა ტყე, მოხდა დაზიანებული ხეების გაჩეხვა.
არის მნიშვნელოვანი ღონისძიებები მავნებელი ხოჭოს მიმართ, ასევე გასულ
წელს, სატყეო დეპარტამენტმა ჩაატარა ის სამუშაოები, რაც ამ ადგილის
ჭარბი წყლისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
2023 წელს კი საგზაო დეპარტამენტმა დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი
სამუშაოები, რაც ამ ულამაზესი ხეივნის განათებას, საფეხმავლო და
ველობილიკების მოწყობას გულისხმობს, რაც ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში სტუდენტების ქალაქთან უფრო ახლო კავშირს შეუწყობს ხელს
და უფრო მეტად გაახალგაზრდავებს ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ
თითოეული ჩვენი ქალაქელი, იმერელი, სტუმარი მოუფრთხილდება იმას,
რისთვისაც სახელმწიფო და ჩვენი ქალაქი ამდენ ღონეს ხმარობს ამ ტყის
გადასარჩენად და სილამაზის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ზაზა
ლომინაძემ.
ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკის
რეაბილიტაცია გასული წლის აპრილში
დაიწყო. ტყის სარეაბილიტაციო პროექტი ჩეხეთის განვითარების
სააგენტოსთან ერთად მომზადდა.
მუხნარის ტყე წითელ ნუსხაში შესული იმერული მუხის ტერიტორიად ითვლება.
უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა,
რომლებიც ამ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში
მიმდინარეობდა, ტყე ძალიან დააზარალა.
მასალის გამოყენების პირობები