ქუთაისში, უცნობი პირები, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ
„ფემილის“ დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი სამი ადამიანი მაღაზიაში გუშინ,
გვიან ღამით შევიდა და დაცვის წარმომადგენელს ჯერ სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სცემა.
“შემოვიდა 3 პერსონისგან შემდგარი ჯგუფი თუ ბანდა, არ ვიცი
ვინ იყვნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვას, კერძო დაცვა
გვყავს ჩვენ ამ ობიექტზე (და არა მარტო ამ ობიექტზე). სამმა კაცმა ეს
ადამიანი დააგორა და უმოწყალოდ სცემა. დაზიანებები აქვს თავის არეში,
სასტიკად არის ნაცემი“,- ამბობენ მაღაზიის
თანამშრომლები.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული დაცვის თანამშრომელი პირველადი
დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
როგორც „ქუთაისიპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუმარტეს, მომხდარზე
გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაწყებული და დაკავებულია
ერთი პირი.
მასალის გამოყენების პირობები