ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ! - დღეს, ქუთაისში, ქალთა მარში
გაიმართება.
ცენტრალურ მოედანზე ყველა ის მოქალაქე გამოვა, ვინც თვლის, რომ
„რუსული კანონპროექტის“ მიღება დაუშვებელია და ვალდებულები ვართ,
ჩვენი ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დავიცვათ.
დღეს, 8 მარტს, ქალთა მოძრაობის მსვლელობები 15:00 საათზე თბილისში,
ბათუმში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ბოლნისში, გორში, თელავში, ახმეტასა
და მარნეულშიც იქნება.
მარშის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვან
მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იღებს, ამ კანონის
დამტკიცების შემდეგ კი ისინი ბედის ანაბარად რჩებიან, სახელმწიფო მათ
პირად სივრცეში იჭრება და ტოტალური კონტროლით საბაზისო უფლებებზე
წვდომას უზღუდავს.
„ოცნებიდან“ ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ
ინიცირებული „რუსული კანონპროექტი“ გუშინ, პირველი მოსმენით მიიღეს.
მას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ამ კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო
ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს,
"უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო
ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან
გასაძევებლად გამოიყენეს.
ფოტო: ფორმულა
მასალის გამოყენების პირობები