კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში
არსებულ რთულ ვითარებას წინა ხელისუფლებას უკავშირებს.
როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, გელათის რეაბილიტაცია
2008 წელს „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს.
„შედგა პროექტი, რომელიც იყო არა ვინმე არქიტექტორ-რესტავრატორის,
არამედ თეატრმცოდნე - კახა ტრაპაიძის. მან შეადგინა სახურავის
პროექტი, რომელშიც შემდეგ ჩაერთო გიორგი გაგოშიძე, ასევე მეცნიერი,
რომელმაც თქვა: ავაღორძინოთ დავითის დროინდელი კრამიტის ტრადიცია და
სანზონაში, ღუმელში გამოაცხვეს კრამიტი და გელათს დაახურეს. ამაზე
ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტები ვადგინე და იმას ვყვები, თორემ ეს
ფაქტებიც არ იყო ცნობილი. ამ სახურავს არ აქვს არანაირი წყლის
სისტემა, რომელიც ნალექს ძეგლისგან განარიდებს. პირველი ვიყავი მე,
ვინც ვთქვი, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ კრამიტს
ექსპერტიზაც არ ჰქონდა გავლილი.
2021 წელს, სამხარაულის ექსპერტიზამ გამომიგზავნა დასკვნა, სადაც
ეწერა, რომ ეს კრამიტი არც ყინვას უძლებს და არც წყალმედეგია. ეს
დიაგნოზი დავსვით ჩვენ. ეს ადამიანები, როგორ თუ მე დიაგნოზი დავსვი
მათ ჩადენილ საქციელებზე, ამხედრდნენ და დაიწყეს, რომ ვიღაც სხვას
შეახოცონ ხელი. თუმცა, ჩემზე ხელის შეხოცვა ცოტა ძნელია, ვინაიდან
ფაქტები არის ჯიუტი.
ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ იუნესკოს ექსპერტებთან ერთად, რომ 2021
წელს უკვე ახალი დროებითი გადახურვისთვის გვეზრუნა და მიგვეღო ზომები,
რომ დღეს წყალი აღარ ჩადის. ამიტომ, ყველა ის მეცნიერი, რომელიც
ხმამაღლა იტყვის, რომ დღეს თითქოს გელათის სამონასტრო კომპლექსში
წყალი ჩადის, არის სიცრუის ტირაჟირებაში ჩართული და უპასუხისმგებლო.
ამჟამად, ოქტომბერში შეჩერებული სამუშაოები არის გასაგრძელებელი. ჩვენ
ვნახეთ, რომ საპატრიარქომ გაიზიარა ჩემი ინიციატივა, რომ მათ მართონ
ამ პრობლემების აღმოფხვრის პროცესი და გავერთიანდეთ იმის გარშემო, რომ
როგორმე გელათს ჩამოვაშოროთ პოლიტიკური აჟიოტაჟი“,- განაცხადა თეა
წულუკიანმა.
რაც შეეხება ჯვრის მონასტრის ფასადას, წულუკიანის განმარტებით, ეს
თემა მას შემდეგ წამოიწია, რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ გელათის
რეაბილიტაციის პროცესის პოლიტიზება ვეღარ მოხერხდა.
„როდესაც მათ დაინახეს, რომ გელათში დეპოლიტიზაციისკენ წავიდა
პროცესი, ვეღარ აქვთ პოლიტიკური გასაქანი, უცბად დაიწყეს ჯვარზე
„წუხილი და ზრუნვა“. იმავე ხალხს, ვინც გელათი გააფუჭა, ჯვარს მე ვერ
დავაზიანებინებ. მაგრამ ჯვარი რომ გაკეთდება, მერე სხვა ძეგლი გახდება
ბრძოლის ველი. მე ყველაფერს ვაკეთებ დღემდე და მომავალშიც გავაკეთებ,
იმისთვის, რომ ვერცერთი ჯვარი, ვერცერთი კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლი, რომლის მესაკუთრე გახლავთ სახელმწიფო და ეკლესია ან ეკლესია და
სახელმწიფო, იმ ძალების ბრძოლის ველი არ გახდეს, რომლებიც დღეს ბევრს
ყვიროდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ჯვარზე ფასადის რეაბილიტაცია სახელმწიფო სახსრებით
დაიწყება. ამასთან, ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, თუ ამ პროცესს
დონორიც გამოუჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები