პარლამენტის ფოიეში „ხალხის ძალისა“ და უმრავლესობის სხვა დეპუტატების
გამოჩენას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სკანდირებითა
და სტვენით შეხვდნენ.
„არა რუსულ ძალას“ - ასე მიმართავენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ იმ
საკანონმდებლო ინიციატივების ავტორებს, რომელთა განხილვაც პარლამენტის
ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
მათ ხელში აქვთ პლაკატები, სადაც „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან
გამოსახული, წარწერით „რუსული კანონის ავტორი“.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, რუსული
კანონი საქართველოს არჩევანი არ არის და უმრავლესობას მიმართავენ მისი
მიღება არ გაბედონ.
„ნუ დაუჭერთ მხარს რუსულ კანონს, ნუ უღალატებთ ქვეყანას“, - ეს არის
მათი მოწოდება საპარლამენტო უმრავლესობისადმი.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასასწრებად
პარლამენტში მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, მათ შორის
პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. საკომიტეტო განხილვაში ასევე,
მონაწილეობას აპირებენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები.
პარლამენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და ონლაინ-მედიის
წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელთაც მიღების შემთხვევაში აღნიშნული
კანონი შეეხებათ. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ
მმართველი გუნდის მხარდამჭერი ექსპერტები, რომლებიც დღეს მოძრაობა
„ხალხის ძალის“ წევრები არიან.
http://www.ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები