კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლების მხარდამჭერ
აქციაზე, მონაწილეების დარბევის მიუხედავად, პროტესტი მაინც
გრძელდება.
გაფიცულები კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებსა და ხელფასის 30%-ით
მომატებას ითხოვენ, ვინაიდან მათ მიზერული თანხით, სიცოცხლისათვის
სახიფათო პირობებში უწევთ მუშაობა. მათი თქმით, გაფიცვა იქამდე
გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ჩვენ ვითხოვთ რაღაც კაპიკების მომატებას. სხვანაირად როგორ
ვარჩინოთ ოჯახები? ასევე ვითხოვთ იმას, რომ დაცული გვქონდეს შრომის
პირობები, ტექნიკურად იყოს ყველაფერი გამართული, რომ
ვიმუშაოთ“,- აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.
გაფიცულებს მხარს აგრო მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის
პროფკავშირი "ლაბორი" უჭერს. როგორც მისი ხელმძღვანელი გიორგი
დიასამიძე აცხადებს, სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის
ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
„გაფიცვის მე-15 დღეა და ეს გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ
გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები არ შესრულდება. რა დროც არ უნდა
დაგვჭირდეს, ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. პერმანენტულად დავაანონსებთ
დიდ აქციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება დუმს, დამსაქმებელი
კი ირონიულად იქცევა და ცდილობს დასაქმებულთა პროვოკაციაზე წამოგებას.
ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, სანამ არ იზეიმებს
სამართალი“,- ამბობს გიორგი დიასამიძე.
"საირმე მინერალ ვოთერსის” გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის გუშინ
გამართული აქცია ხმაურით დასრულდა. მათ ხელისუფლებას 1-საათიანი ვადა
მისცეს და თქვეს, რომ თუ ისინი მედიაციაში არ ჩაერთვებოდნენ,
საირმე-აბასთუმნის მთავარ მაგისტრალს გადაკეტავდნენ. ულტიმატუმის
ვადის ამოწურვის შემდეგ მათ გზა მართლაც გადაკეტეს. ცოცხალი ჯაჭვი
გააკეთეს და ასფალტზე მჯდომარე აქცია გამართეს. სამართალდამცველებმა
გაფიცულები ძალის გამოყენებით გზიდან გადაიყვანეს, რასაც
დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.
გაფიცულებმა, საღამოს, სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებთან ერთად,
ბაღდათის მერიასთან გადაინაცვლეს და ხელისუფლებას მედიაციის პროცესში
ჩართვა მოსთხოვეს.
"საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები უკვე ორი კვირაა, გაფუცულები
არიან. მათ მხარდასაჭერად მორიგი აქცია 3 მარტს დაიგეგმა.
ამავე თემაზე:
"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები
გაიფიცნენ
"იკეტება ყველაფერი" - საირმეში გაფიცულთა
მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა
"ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო" - გაფიცვის მეცხრე
დღე საირმეში
მასალის გამოყენების პირობები