თბილისში დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას ქუთაისიდანაც
უერთდებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დედაქალაქისკენ მანქანების
კოლონებით უკვე გაემართნენ.
„დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ჩვენს მოძმე ერს. ჩვენ
გვაქვს ურყევი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და კიდევ ერთხელ
დავგმობთ რუსულ აგრესიას. რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ, რათა
დაინახოს უკრაინელმა ხალხმა, რომ ხელისუფლება თუ არა, ქართველი ხალხი
ვუდგავართ გვერდით მათ და ვუცხადებთ სოლიდარობას“,- განმარტავს
ქუთაისის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე
საკრებულოში თედო მესხი.
საქართველოს მოქალაქეები უკრაინას მხარდაჭერას თბილისიდან - დღეს,
19:00 საათზე დაგეგმილი აქციით გამოუცხადებენ. ისინი რუსთაველის
გამზირზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი
და აგრესორია, რომ მხარს უჭერენ ამ ომში უკრაინის გამარჯვებას და რომ
საქართველოს ადგილი ევროპაშია.
აქციას შეუერთდებიან რეგიონებში მცხოვრებლები და სტუდენტები. გარდა
ამისა, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან თბილისში
მცხოვრები უკრაინელი აქტივისტები, რომლებიც აქციაზე მსვლელობით
მივლენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები