რევაზ სანიკიძე, რომელიც 16 წელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრობს, ობიექტისთვის ამ სტატუსის მოხსნის
თხოვნით სასამართლოს მიმართავს.
საუბარია ქუთაისში, გაპონოვის ქუჩა #3-ში მდებარე ორსართულიან
შენობაზე, რომელიც ორი წლის წინ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად
ჩამოინგრა.
"სასამართლოში შევიტანე სარჩელი, მომიხსნან მაინც კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თორემ მე არ მაქვს უფლება ერთი აგურიც
რომ დავდო. ან ვითხოვ, გაკეთდეს პროექტი და ჩატარდეს ის სამუშაოები,
რაც სჭირდება აღდგენას“,- განმარტავს ის.
რევაზ სანიკიძე ამბობს, რომ გაზის აფეთქების შემდეგ ობიექტიდან
სამშენებლო მასალები ყოველდღიურად ცვივა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც
ამ სახლში მცხოვრებლებს, ასევე ქუჩაზე ნებისმიერ გამვლელს.
ორსართულიან ნგრევად შენობაში ორი ოჯახი ცხოვრობს.
რევაზ სანიკიძე გვიყვება, რომ ორი წლის წინ, გაზის აფეთქების შემდეგ
ქალაქის მერიც იყო ადგილზე მისული. მისი თქმით, თანხასაც დაჰპირდა,
თუმცა დაპირებული თანხის მხოლოდ ნაწილი მისცეს.
"მოვიდა ქალაქის მერი, შეხედა ამ უბედურებას და დამპირდა 2 500 ლარს
ჩაგირიცხავთო, მაგრამ მხოლოდ 1 500 ლარი მომცა. 1000 ლარის მარტო მინა
ვიყიდე და ეს თანხა საკმარისი იქნებოდა? კიდევ კარგი, გადავრჩით
ღმერთის ნებით. მას შემდეგ ყოველდღიურად ცვივა ქვები. აქ ბაღია,
ინსტიტუტია, სხვადასხვა დაწესებულება და ორგანიზაციაა, დადის ხალხი,
პატარა ბავშვებიც და საფრთხეა ყველასთვის. ფაქტობრივად ხაფანგია, რა
დროს ჩამოინგრევა არავინ იცის“, - განმარტავს იგი.
რევაზ სანიკიძე ამბობს, რომ მაშინ კულტურული
მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებიც იყვნენ
ადგილზე მისული, თუმცა
ავარიული შენობის შეკეთებაზე არაფერი უთქვამთ.
სანიკიძის თქმით, რადგან „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არ არის,
ხელისუფლება მას განგებ არ ეხმარება.
„როცა მივედი მერიაში განცხადების დასაწერად, მითხრეს,
დეპუტატსაც თხოვე დახმარებაო. ვუთხარი, არ ვიცი დეპუტატი ვინ
არის-მეთქი. რას ქვია, დეპუტატი არ აგირჩევიაო? ვუთხარი, მე ამ
ხელისუფლებას არ ვირჩევ-მეთქი. გაიგეს, რომ არ ვიყავი მათი
მხარდამჭერი, ამიტომ არის ეს შენობა ამდენი ხანი ასეთ მდგომარეობაში.
განგებ არ აკეთებენ. ეგენი თავიანთ მხარდამჭერებს არ სცემენ პატივს და
მე მცემენ?“, - ამბობს რევაზ სანიკიძე.
ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ნგრევად
სახლში მცხოვრებლებს ქალაქის მერთან შეხვედრას ურჩევენ.
„როცა ჩამონგრევა მოხდა, მაშინ ჩვენ ვიყავით მისულები, მერიც
იყო მისული და დახმარება აღმოვუჩინეთ, რისი აღმოჩენაც შეიძლებოდა.
მოვიდეს თავად და გავესაუბრები. შევახვედრებ, ვისაც ეხება ეს საკითხი,
ან მერთან მიღებაზე ჩაეწეროს. გააჟღეროს ეს პრობლემა, ყველა
სამსახურია იქ, მოისმენენ და რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,
- ამბობს უბნის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ნადირაძე.
რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს,
მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან სააგენტოში "ქუთაისიპოსტის"
სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
მასალის გამოყენების პირობები