NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე
ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. იმავე კვლევის
მიხედვით საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია.
უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს
(49%) ან არ არის შესაფერისი ანაზღაურება (20%). ამასთან, სოფლის
ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა
ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.
ეს ფაქტი ხსნის პასუხს კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია, რომ
მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ,
გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია.
წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50
წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. კვლევის ავტორების თქმით, მათგან
თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის
თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების
ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები
აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ პირველად NDI საქართველოს კვლევების
ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად
დასახელდა. ფასების ზრდასთან ერთად, სამუშაო ადგილები და
სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ
მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ
საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება
შეუძლია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK
aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა
ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 3 დეკემბრიდან - 20
დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები