საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა
გელათის მოხატული
ტაძრების შესახებ ჩუბინაშვილის ცენტრის კვლევას
და პარტია "ლელოს" წევრთა განცხადებებს, რომელთაც სამინისტრო მწვავედ
გააკრიტიკეს კვლევაში აღწერილი გელათის მძიმე ვითარების გამო.
სამინისტრომ ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერთა ჯგუფი მოიხსენია,
სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანთან "პოლიტიკურ
ნიადაგზე დაპირისპირებულებად".
სამინისტროში აცხადებენ, რომ კვლევითი ცენტრის
მიერ გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში
შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან
მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული და ის,
შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან. სამინისტროს
მტკიცებით, მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი,
პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.
სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათთვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ
დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისგან მალულად იქნა შემუშავებული და
დამტკიცებული.
"ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის
გვერდის ავლით "დამტკიცებული" დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი
ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი
სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს". სამისტრო
კვლევას ზედაპირულს უწოდებს და მის ავტორებს
„არაკომპეტენტურს“.
"(დასკვნის ავტორები) ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით"
აკრიტიკებენ განხორციელებულ სამუშაოებს, მათ მეთოდოლოგიას და ამას
აკეთებენ ისე, რომ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება კედლის
მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში არ გააჩნიათ.
ამავე არაკომპეტენტური თეორეტიკოსების საქმიანობის შედეგია ის, რომ
სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა, სამონასტრო კომპლექსში გადარჩენით
სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს“, - წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო ყველა გადაწყვეტილებას
იუნესკოსთან ათანხმებს. ხოლო სამინისტროს მიერ გელათში წარმოებული
სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები საჯარო და
ხელმისაწვდომია როგორც იუნესკოს, ასევე სამინისტროს ინტერნეტგვერდების
საშუალებით.
ჩუბინაშილის ცენტრის კვლევა 30 იანვარს გამოქვეყნდა. 31 იანვარს
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამინისტროს აუდიტი
შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები