ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო
თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს,
არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან
გამომდინარე - ნათქვამია საქართველოს
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აღნიშნავს, რომ
მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მიიჩნიეს,
თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი
ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს.
"მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ,
თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი
ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის
შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც
ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.
აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია
საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას
ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და
საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა
შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია,
სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე, გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ
გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,,მთავარი არხით" გადაიცა.
როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი
ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი
დამოკიდებულება.
მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი
სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას. დადასტურებულად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის
პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს
გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის
ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას", - წერია
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქომ ეს განმარტება კულტურის სამინისტრის მიერ
გავრცელებული
განცხადების საპასუხოდ გააკეთა. თეა წულუკიანის
უწყების გამარტებით, გელათის სამინასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაზე
ჩუბინაშვილის ცენტრმა ექსპერტიზა მათი გვერდის ავლით
ჩაატარა.
ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გელათზე მომზადებულ დასკვნაში
აღნიშნულია, რომ უცნობია სამუშაოთა შეფასების კრიტერიუმები და
მექანიზმი. სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია, მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და არაერთი
საერთაშორისო ქარტიის მოთხოვნების საპირისპიროდ, პროფესიული
წრეებისთვისაც
კი რთული მოსაპოვებელია.
2008 წლიდან გელათში დაიწყო მასშტაბური
საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოჭიქული კრამიტით 2010-2011
წლებში დაიბურა მცირე ნაგებობები - სამრეკლო და წმ. ნიკოლოზის
ეკლესია, შემდეგ წმ. გიორგის ეკლესიის გუმბათი და ბოლოს,
2016-2019 წლებში - დიდი ტაძარი. ტაძარში წყლის გაჟნვის მიზეზი გახდა
დიდი ტაძრის გადასახურად გამოყენებული მოჭიქული კრამიტების
(განსაკუთრებით თეთრი კრამიტების) დაბალი ხარისხი ექსპერტთა
ანგარიშებში არაერთხელ აღინიშნა.
კიდევ უარესი იყო კრამიტის დაგების და, მთლიანად, სახურავის მოწყობის
მეთოდი და ხარისხი - სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს
წინასწარი პროექტის გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები