"დისკრიმინაცია დანაშაულია", "სოლიდარობა გვაძლიერებს", "ჩვენ
ზრუნვა გვჭირდება" - ამ სლოგანით ქუთაისში აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები 30 იანვარს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“
ოფისთან მომხდარს ინციდენტს გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნული ცენტრის
თანამშრომელს მეზობელი, მანქანის დაპარკინგების გამო, ფიზიკურად
დაუპირისპირდა.
ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარების მშობლები აცხადებენ, რომ
მეზობლების მხრიდან დისკრიმინაციას ადგილი მანამდეც ჰქონდა. ამიტომ
ისინი მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას და უსაფრთხოების
გარანტიებს ითხოვენ.
"30 იანვარს, მეზობლების გარკვეულმა რაოდენობამ მოგვიწყო სისხლიანი
გარჩევა იმის გამო, რომ მათი ვარაუდით, ჩვენს ერთ-ერთ მშობელს ქუჩაში,
მერიის ტერიტორიაზე, ჰყავდა მანქანა დაპარკინგებული. ზოგადად, ვისაც
არ უნდა გაეჩერებინა მანქანა, ჩვენთან შემოდიოდნენ ყვირილით და
სიტყვიერი შეურაცხყოფებით, გაუჩერებელი სიგნალებით ითხოვდნენ მანქანის
გადაყენებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგრძნობდით ამ დისკრიმინაციას
შშმ თემისა და შშმ თემთან მომუშავე ორგანიზაციის მიმართ. უბრალოდ
ასეთი მძაფრი და სისხლიანი გარჩევა ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი
იყო ჩვენი არსებობის 11-წლიანი ისტორიის მანძილზე“,-
განმარტავს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დირექტორი ლიკა
მხატვარი.
"ყოველთვის არის ქალაქში ისეთი პირობები, როცა გექმნება
ადამიანს დისკომფორტი. ყოველთვის არის, რომ ვიღაც დაგიყენებს ეზოსთან
მანქანას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოხვიდე და იძალადო,
ლურსმნიანი ჯოხით სცემო. არ ვიცი ეს ძალადობის რა ფორმაა. ჩვენ
ვითხოვთ სულ მცირედი ემპათია და მხარდაჭერა გამოხატონ“, -
ამბობს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი მერი თოდაძე.
„ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დირექტორის თქმით, მათი ორი
თანამშრომელი დაზარალებულად სცნეს და ახლა ორგანიზაციისთვის ამავე
სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. ამასთან, მომხდარი ინციდენტის
საფუძველზე აღძრული საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი თანამშრომელი სცნეს
დაზარალებულად, დიდი მნიშვნელობა ექნება ორგანიზაციის დაზარალებულად
ცნობას, რომ საზოგადოებამ სწორად აღიქვას, რას ნიშნავს დისკრიმინაცია.
რამხელა მნიშვნელობა აქვს შშმ თემს და ამ თემთან მომუშავე
ორგანიზაციის უსაფრთხოებას, ემოციურ სტაბილურობას, იმიტომ რომ ჩვენ
მომხდარის შემდეგ ვერ აღვადგინეთ მუშაობა იმხელა სტრესის ქვეშ ვართ.
როდესაც ისეთ მოწყვლად ჯგუფთან მუშაობ, როგორიც არის განსაკუთრებული
საჭიროების მქონე ბავშვები, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანა ფიქრობდეს
იმაზე, როგორ შეგვიწყონ ხელი და როგორ იყვნენ ტოლერანტობის
გამზიარებელნი“,- განმარტავს ლიკა მხატვარი.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლეს, რომ
თავიანთი სათქმელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც
გააგონონ. ისინი მიიჩნევენ, რომ ტოლერანტობისა და თანასწორობის
მხარდასაჭერა სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები