ქუთაისში, სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს
დასახმარებლად ერთიანდება.
დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო
თავდასხმის შედეგად დაზარალდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, საინიციატივო
ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია უკვე
ჰქონდა.
„დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისის მერიას, როგორც დაძმობილებულ
ქალაქს, დახმარების თხოვნით მიმართა. სწორედ ამ თხოვნის საპასუხოდ
ერთიანდებიან ქუთაისელები და იწყებენ ფართომასშტაბიან კამპანიას მოძმე
უკრაინელების დასახმარებლად. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც
უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან. ფორმალური საკითხების
გავლის შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ანგარიშის ნომერს, სადაც
ჩარიცხული თანხები საბოლოოდ ქალაქ დნიპროს შესაბამის ფონდს
გადაეცემა!“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.
“ქუთაისი დნიპროსთვის!”- ამ სახელწოდებით, რამდენიმე დღის წინ,
სოციალურ ქსელში
ჯგუფიც შეიქმნა.
დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა "ფორმულასთან"
ინტერვიუში აღნიშნა, რომ დნიპროში მომხდარ
ტრაგედიას ყველა დაძმობილებული ქალაქი გამოეხმაურა გარდა ქუთაისისა.
"ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება
ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან", - განმარტა მან.
14 იანვარს, დნიპროში, რუსი აგრესორების მხრიდან, 9-სართულიან
საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 44 ადამიანი
დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია.
ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი
დაკარგულად მიიჩნევა. ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან
6 ბავშვია. 75 ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
(მათგან 14 ბავშვი).
დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. დნიპროს გარდა ხარკოვი,
ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე -
ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.
ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები