ქუთაისში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს გაგა მანაგაძე
უხელმძღვანელებს, შტაბის საორგანიზაციო მდივანი კი პაატა ღაჭავა
იქნება.
ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ დღეს,15 იანვარს, გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
"ქუთაისის ორგანიზაციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით
მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს
ნიკა მელიას და ვუსურვოთ წარმატებები არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ
"ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრისთვის პირველი საზრუნავი დღეს
არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელში ოლიგარქიული
რეჟიმის დასასრული საქართველოში"- ამბობს გიორგი კილაძე.
გაგა მანაგაძემ განაცხადა, რომ მათ სჭირდებათ ლიდერი.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ქუთაისში ნიკა მელიას
შტაბს. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის
ოლიგარქის ტყვეობაში, აწამებენ და კლავენ, ჩვენ გვჭირდება ლიდერი,
რომელიც გამოგვიყვანს ჩიხიდან. ნიკა მელიას არაერთხელ გამოვუყვანივართ
ამ ჩიხიდან, ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა მას"- განმარტავს გაგა
მანაგაძე.
ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ შიდაპარტიულ არჩევნებზე უკვე დაიწყო
ამომრჩევლების რეგისტრაცია.
"როგორც მოგეხსენებათ, შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს. უკვე
დაიწყო ამომრჩევლების რეგისტრაცია. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი
ცენტრალურ ოფისში. ამასთან, ნიკა მელიას შტაბი იფუნქციონირებს ყოველ
დღე, დილის 11 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე. ყველა ამომრჩეველს,
ვისაც ტექნიკური პრობლემა შეექმნება, ჩვენ გავუწევთ კონსულტაციას და
შეუძლიათ მოგვმართონ"- განაცხადა პაატა ღაჭავამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნები
28-29 იანვარსაა ჩანიშნული. ის ელექტრონული სისტემით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები