ჩახერგილი სადარბაზოები, ჩამტვრეული ფანჯრები, დაზიანებული
ავტომანქანები - ასეთი მდგომარეობაა ქუთაისში, ხუნდაძის #63-ში
მდებარე ხუთსართულიან კორპუსში.
აქ მცხოვრები 50-მდე ბინადარი, მესამე დღეა, ელექტროენერგიის, წყლისა
და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ბინის მოპირდაპირე კორპუსს ძლიერმა
ქარმა სახურავი გადახადა და მათი სადარბაზო ჩახერგა. დააზიანა
კორპუსის ფანჯრები, სადენები, მილები და 5 ავტომობილი, რომელიც
ამჟამადაც სახურავის ქვეშაა მოყოლილი.
მოქალაქეების განმარტებით, ადგილზე ქალაქის მერიც იმყოფებოდა, თუმცა
მოსახლეობას დახმარებას ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაპირდა.
"ამინდის გამოსწორებას უცდიან. ამინდი შეიძლება ერთი კვირა არ
გაუმჯობესდეს და საგანგებო რატომ არის? გუშინ მერიც იყო მოსული და
მისი წარმომადგებლებიც, ვიზუალურად დააფიქსირეს ეს სიტუაცია და მეტი
არაფერი"- ამბობს გოჩა ესებუა.
"ყველგან დავრეკეთ, სამაშველო მოდის და მეუბნება, საკუთარი ძალებით
გააკეთეო, ეს ბინა საკუთარი ძალებით რომ იყო გაკეთებული, მიტო
გადმოინგრა და წამოვიდა სახურავი ჩვენკენ"- ამბობს ადგილობრივი.
მედიის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია
გამოჩნდა და ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა. ადგილზე
იმყოფებიან "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებიც.
ქუთაისში მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა შენობებს
სახურავები გადახადა, დაზიანებულია ავტომობილები, მოგლეჯილია ხეები.
მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ნაწილს კი
- წყალი.
მთელი იმერეთის მასშტაბით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები