ქუთაისში, თაბუკაშვილის #179-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის
სახურავი სრულად დაზიანებულია.
ძლიერმა ქარმა შენობას ტოლი გადააძრო. რკინის კონსტრუქციები
დასახლების ირგვლივაა მიმოფანტული.
კორპუსის ბინადრებს ცხოვრება საფრთხის ქვეშ უხდებათ. ისინი ამბობენ,
რომ წვიმის შემთხვევაში შენობა სრულად დაიტბორება, ამიტომ ადგილობრივ
ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"ქარმა გადახადა სახურავი სრულად. ტოლები ცვივა, არის რკინის
დეტალები, კონსტრუქციები, რომლებიც ძირს იყრება და სახიფათოა, როგორც
ქვეითთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. შეიძლება ფატალურ
შედეგამდე მიგვიყვანოს. ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ ერთეულს, მერიის საბინაო სამსახურსაც განცხადებით,
ასევე მერს, ბატონ იოსებ ხახალეიშვილს წერილობით, რომ დროული
რეაგირება მოეხდინათ, მაგრამ ჯერჯერობით არავინ მოსულა ადგილზე.
ამინდის გაუარესების შემთხვევაში, სრულად დაიტბორება საცხოვრებელი
კორპუსი. აქ ცხოვრობენ მოხუცები, ბავშვები, ამიტომ ვითხოვთ დროულ
დახმარებას", - განმარტავს კორპუსის მკვიდრი თენგიზ ასათიანი.
ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ოპოზიციურ
განწყობაში ადანაშაულებს, ამიტომ სტიქიის პირისპირ მარტო არიან
დარჩენილი.
"არ გვაქცევენ ყურადღებას, პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენ ხართ
გაწითლებულები, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები და "ნაცებმა"
დაგეხმარონო", - ამბობს მობინადრე მიხეილ გერაძე.
ძლიერმა ქარმა სახურავი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე
ტერიტორიაზე არსებულ მრავალსართულიან კორპუსსაც გადახადა.
ქარის შედეგად, ქუთაისის თითქმის ყველა უბანში წაქცეულია ხეები.
აღნიშნულის გამო ასათიანის ქუჩა გადაკეტილია.
აბაშიძის ქუჩაზე რკინის “ბაკი” სახურავიდან გადმოვარდა.
ფოტო: ნიკა ბურჯანაძე
ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტომობილები.
ქუთაისში, მეორე დღეა, ძლიერი ქარია. ადგილზე მობილიზებული არიან
შესაბამისი სამსახურები და შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით,
სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები