389- ე მუხლის
განმარტებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ საუბარია
"სესხზე"
ბოლო ორი დღის მანძილზე, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა
ინფორმაცია, რომ მსესხებელს შეუძლია უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტი
ბანკს იმ კურსით დააბრუნოს, რა კურსითაც სესხი აიღო.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია -
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ იურისტის, დავით კლდიაშვილის
განმარტებას:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389- ე მუხლის მიხედვით, შეუძლია თუ
არა მსესხებელს უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტი ბანკს იმ კურსით
დააბრუნოს, რა კურსითაც სესხი აიღო?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389_ე მუხლი არ შეიძლება განიმარტოს
ისე, რომ მსესხებელს შეუძლია უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტი იმ
კურსით დააბრუნოს, რა კურსითაც თავის დროზე კრედიტი აიღო.
389_ე მუხლის განმარტებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ საუბარია
"სესხზე" , სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი სესხის დროს:
"გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა
გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის,
ხარისხისა და რაოდენობის ნივთი". ანუ როცა გაიცა სესხი, მაგალითად 100
დოლარი უნდა დაბრუნდეს იმავე რაოდენობის – 100 დოლარი.
ანუ სესხის დროს თანხა უნდა განვიხილოთ როგორც გვაროვნული ნივთი,
რომელიც ბრუნდება იგივე ოდენობით. უფრო მარტივი მაგალითი რომ
მოვიყვანოთ, წარმოვიდგინოთ თქვენ ჩემგან ერთი თვით ისესხეთ 1 კილო
შაქარი და ამ დროს შაქარი ღირს 2 ლარი. თუ ერთი თვის მერე, როცა უნდა
დამიბრუნოთ, შაქარის ფასი გახდა 2.5 ლარი, თქვენ მაინც ერთი კილო
შაქარი უნდა დამიბრუნოთ და არა იმდენი რამდენსაც 2 ლარი იყიდის.
სესხის დროს, სამართლებრივი ბუნებით, შაქარი და დოლარი ერთმანეთისგან
არაფრით არ განსხვავდება.
თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ კურსის ცვლილებით შეუძლია უცხოურ
ვალუტაში აღებული სესხი იმ კურსით დააბრუნოს, რა კურსითაც სესხი აიღო,
მაშინ გამოდის, რომ თუ თქვენ დეპოზიტი გაქვთ ბანკში 100 დოლარი,
ბანკმა 100 დოლარი კი აღარ უნდა დაგიბრუნოთ, არამედ უფრო ნაკლები,
ვინაიდან კურსი გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა აბსურდია.
რეალურად რას გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
389-ე მუხლი - ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის
შეცვლისას?
აღნიშნული მუხლი არაერთხელ აქვს განმარტებული სასამართლოს, მოვიყვანოთ
ერთ – ერთი განმარტება, რომელიც კოლეგა იურისტმა, ბატონმა ლევან
ალაფიშვილმა უკვე გაასაჯაროვა, აღნიშნული განმარტების თანახმად:
" ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე
მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი
აქვს დენომინაციას, ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის
ჰიპერინფლაციას.
მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანათმა, როცა
10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით; ვალუტაში შეცვლას
ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო
კუპონი - ლარით.
რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის
ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას,
რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუარესებას, საგადამხდელო
ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას.
ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს,
რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს
ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების გაზრდა.
თუმცა, მიუხედავად სასამართლოს განმარტებისა, ჩემი აზრით, 389 - ე
მუხლის გამოყენება სესხის შემთხვევაში არც ჰიპერინფლაციის დროს
შეიძლება, მაგრამ ახლა არც ჰიპერიინფლაციის შემთხვევა არ
არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები