თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის
გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო.
სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია
მიეცეს“,- განმარტა მოსამართლემ.
21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის
გადავადებასთან დაკავშირებით სხდომის გადადების შუამდგომლობა
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა. სამსახური
მოითხოვდა, პროცესი 1 თვით გადადებულიყო. პენიტენციური სამსახურის
წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, სამსახურს სამედიცინო
დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. რასაც მოსამართლე არ
დაეთანხმა.
გიორგი არევაძის განმარტებით, მტკიცებულებების გაცნობას ერთი თვე არ
სჭირდება, მით უმეტეს, რომ დიდი ნაწილი წაღებულია პენიტენციური
სამსახურიდან და ზოგ შემთხვევაში მეორდება. სააკაშვილის ადვოკატმა
შალვა ხაჭაპურიძემ, თავის მხრივ, დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარეს
გადაეცეს სააკაშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში (საავადმყოფოების
ჩათვლით) ყოფნისას გაკეთებული ყველა ვიდეო-ჩანაწერი.
მოსამართლემ შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და
პენიტენციურ სამსახურს დაავალა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით,
2021-წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით
სამსახურში დაცული ვიდეომასალა გადასცეს დაცვის მხარეს.
დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც
დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის
დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ
დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ თქვა.
მასალის გამოყენების პირობები