ქუთაისში, სადაც სოციალური შემწეობის მიმღები,
დღეის მდგომარეობით, 10 382 ადამიანია, მერიამ ბიუჯეტში
მათთვის განსაზღვრული თანხა ორი წელია ვერ აითვისა.
საუბარია "ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის
წახალისების" პროგრამაზე, რომელიც გასულ წელს სრულად ჩავარდა,
მიმდინარე წელს კი, მხოლოდ ერთმა წყვილმა ისარგებლა.
მერიის სოციალური სამსახურის უფროსის ვარლამ გობეჯიშვილის
განმარტებით, მათთვის გაურკვეველია, რატომ ვერ იმუშავა პროგრამამ,
რადგან მოქალაქეები ამის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ.
"ჩვენ ძალიან გვინდოდა დავხმარებოდით ამ ადამიანებს. ამიტომ,
თუ სადმე შეიძლებოდა, ყველგან გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია,
მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო. ამასთან, ინფორმაცია
მივაწოდეთ სოციალურ სააგენტოსაც, რომელთანაც მეტი კავშირები აქვთ
მოქალაქეებს. ამდენად, არამგონია ინფორმირებულობა კლებოდა ამ
პროგრამას. მე არ ვიცი დანამდვილებით, მაგრამ ასეთი სტერეოტიპიც
არსებობს: დახმარება რომ ჩაგერიცხება, შეიძლება მოგიხსნან სოციალური
შემწეობა. ალბათ, ასე იფიქრეს მოქალაქეებმა და ეს შიში იყო",
- ამბობს ვარლამი გობეჯიშვილი. აქვე, აღნიშნავს,
რომ ქვეპროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოქალაქების
მეტი ინფორმირებულობისთვის "უფრო მეტს" გააკეთებენ.
ფაქტია, მერიამ ორი წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო
ბენეფიციარებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, რის გაკეთებას
მესამე წელს ცდის.
ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის
წახალისების" ქვეპროგრამა ადგილობრივ ბიუჯეტში პირველად 2021 წელს
გაჩნდა (საკრებულომ 2020 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა). ქვეპროგრამის
ბიუჯეტი, როგორც გასულ, ისე მიმდინარე წელსაც 5 000 ლარს
შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში, ქალაქში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილები,
რომელთაგან ერთს მაინც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მერიისგან
500 ლარს მიიღებს. ფულადი დახმარების მისაღებად წყვილმა ქორწინებიდან
არაუგვიანეს 30 დღეში უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს
წყვილის პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო
რეკვიზიტები.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, ქალაქში მზარდია
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სოციალური მომსახურების
სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს სოციალურ სააგენტოზე
შესაბამისი სტატუსის მისაღებად 21 084 ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან
ფულად შემწეობას 9 908 იღებდა. წელს კი, ეს მაჩვენებელი ასეთია:
რეგისტრირებული - 23 018 მოქალაქე და დახმარების მიმღები - 10
382.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები