თბილისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აუცილებელია
მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
"ჩვენ არ გვინდა, არც ბრძოლის ყიჟინის, არც გამარჯვების ყიჟინის
დაცემა თუ ხელისუფლებას ექნება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და
მიიღებს ამ ობიექტურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საზღვარგარეთ
გადაყვანის გადაწყვეტილება თვისობრივად ახალი სახით წარმოაჩენს ქართულ
საზოგადოებასაც და ქართულ სახელმწიფოსაც. ხელისუფლებას უნდა ეყოს ამის
პასუხისმგებლობა, რომ გამარჯვების სუბიექტის ძიებით კი არ მიიღოს ეს
გადაწყვეტილება, არამედ მიიღოს ობიექტური სახელმწიფოებრივი
გადაწყვეტილება და ჩვენ სხვა სახით წარმოვჩინდებით ჩვენი საერთაშორისო
პარტნიორების წინაშე და ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე", -
განაცხადა ბეჟაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021
წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 50 დღე
იშიმშილა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
ოჯახის წევრებისა და ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის
მდგომარეობა მძიმეა და სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის
გარეთ მკურნალობას ისინი თვეებია ითხოვენ.
ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია
დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის
სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს
თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს
მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა
ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის
დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის
მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე
მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები