გადავსებული, „ქარწაღებული“ და ძირგამომძვრალი სანაგვე ურნების ნახვა
ქუთაისში არავის გაუჭირდება. პრობლემა მთელს ქალაქს აერთიანებს, მათ
შორის ცენტრალურ ნაწილს, სადაც ტურისტებიც მრავლად მოძრაობენ.
გრიშაშვილის ქუჩა
გრიშაშვილის ქუჩა
გოჩა გოგოლაძე, ქუთაისის მკვიდრი: ‘’შეწუხებული ვარ, სახლიდან 400
მეტრზე მეტი უნდა გავიარო, რომ ნაგავი გადავყარო და ძირითადად სანაგვე
ურნები გადავსებული მხვდება, არასაკმარისია ნაგვის ურნები. იგივე
სიტუაციაში არიან ჩემი მეზობლები".
გრიშაშვილის ქუჩა
ქალაქში, ნაგვის ურნების დამატებასა და ნარჩენების გატანის ინტერვალის
შემცირებაში ხედავს გამოსავალს საინიციატივო ჯგუფი „როდემდე?!“. მათ
შესწავლილი აქვთ ქუთაისში 17 ადგილი, რომელთაგან 7 - კვირაში ერთხელ
სუფთავდება, სამი - მხოლოდ ორჯერ და ორი ადგილი - სამჯერ.
"მოსახლეობა ამბობს, რომ იმ ადგილებში, საიდანაც კვირაში 7-ჯერ ხდება
ნარჩენების გატანა, მაინც დგას დასუფთავების პრობლემა. ეს იმას
ნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ გათვალისწინებული "მუშაობა"
ამ მიმართულებით საკმარისი არ არის", - ამბობენ "როდემდეს?!"
წევრები.
რუსთაველის გამზირი, პირველი სკოლის მიმდებარე
ტერიტორია
წმინდა ნინოს ქუჩა, მესამე სკოლის მიმდებარე
ტერიტორია
სანაგვე ურნების დამატების რეკომენდაციას არ იზიარებენ ააიპ
,,სპეციალურ სერვისებში'.' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე თვლის, რომ რაოდენობის გაზრდა ქუთაისს
„ურნების ქალაქად" გადააქცევს.
ცენტრალური "მწვანე ბაზრის" მიმდებარე
ტერიტორია
გიორგი მჟავანაძე: "ქალაქში 1441 სანაგვე ურნაა და კიდევ დამატება
შეუძლებელია, რადგან ქალაქს ურნების ქალაქად ვერ გადავაქცევთ. ამის
გარდა, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული და ასევე, ყველგან
ყველაფერს ვერ დავდგამთ, არის შემთხვევები, როდესაც თავად
მოქალაქეებსაც არ უნდათ თავიანთი სახლის თუ მაღაზიის წინ ნაგვის
ურნების განთავსება".
თამარ მეფის ქუჩა
წერეთლის ქუჩა
ააიპ ,,სპეციალური
სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,
გიორგი მჟავანაძე: „ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების მხრიდან ამ
მიმართულებით ნაკლები თვითშეგნებაც იწვევს დასუფთავების
პრობლემას".
გადავსებული სანაგვე ურნების გარდა, პრობლემაა ძირგამოთხრილი ურნებიც.
მხოლოდ ცენტრალური ბულვარის ერთ მონაკვეთზე 4 ასეთი ურნა
დგას.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარი
ააიპ ,,სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელი: "ქუთაისს დასუფთავების სერვისის მიწოდება არ
შეფერხებია. არ ვუარვყოფ, შეიძლება სერვისი მეტად დაიხვეწოს, მაგრამ
ამას დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდება. იმ გამოწვევების
დასაძლევად, რაც ქალაქს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით უდგას,
გამოსავალი ნარჩენების სეპარირება იქნებოდა. აქ არის საკითხები,
რომელსაც მარტო დასუფთავების სამსახური ვერ გადაწყვეტს და
კომპლექსურად უნდა განვახორციელოთ, მოხდება ამ ყველაფრის დაანგარიშება
და ვიმუშავებთ, რომ ქალაქს გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ".
ააიპ "სპეციალური სერვისების" ინფორმაციით, ქუთაისში 1441 სანაგვე
ურნა დგას, ქალაქს კი ყოველდღიურად 18 ერთეული მანქანა ემსახურება,
სადაც 360 ადამიანია დასაქმებული.
ავტორი: ნინო ბოკელავაძე
მასალის გამოყენების პირობები