ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში
სრულმასშტაბიან რემონტთან დაკავშირებული სამუშაოები
შეჩერებულია.
მიზეზი - დაწუნებული პროექტია.
შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუნიციპალური
განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული
კომპანია "აი ჯი ეიჩ"-ი მუშაობდა. მათ უნდა ჩაეტარებინათ კვლევითი
სამუშაოები და შეემუშავებინათ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული
კონცეფცია.
"აი ჯი ეიჩ"-მა პირველი ეტაპი - საკვლევაძიებო სამუშაოები ჩაატარა.
მეორე ეტაპზე კომპანიას პროექტის კონცეფცია უნდა
შეემუშავებინა. სწორედ ეს პროექტი დაუწუნეს "აი ჯი ეიჩ"-ს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ კონტრაქტორის მიერ
წარმოდგენილი კონცეპტ-დიზაინი არ მოიწონა როგორც ქუთაისის
მუნიციპალიტეტმა, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რის გამოც
დამკვეთი შემსრულებელთან, დიდი ალბათობით, კონტრაქტს გაწყვეტს.
შესაბამისად, გალერეის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია მცირე ხნით
კიდევ გადაიდება.
შეპირების მიხედვით რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმებოდა, როგორც გარე
ფასადის, ასევე საგამოფენო სივრცეების განახლება.
გათვალისწინებული იყო მცირე ავტოსადგომის მოწყობაც.
სამუშაოები სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო.
მანგრამ, სადღეისოდ შენობა მხოლოდ სახურავის ნაწილობრივ
რეკონსტრუქციას უნდა
დასჯერდეს, რომელიც სტიქიამ დააზიანა და ერთ-ერთ
საგამოფენო დარბაზში წყლის ჩასვლის საშიშროება შექმნა.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქუთაისის მერიამ
დავით კაკაბაძის გალერეის სახურავის რემონტზე 2022 წლის 18
ნოემბერს ტენდერი გამოაცხადა.
სახურავის რეკონსტრუქციაზე ქალაქი 19`456 ლარს დახარჯავს.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა #8-ში გალერეის შენობა 1976 წელს
აშენდა.
კოლექციაში დაცულია ფერწერული (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ალ.
ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ელ. ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი
სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა
ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი,
შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
გალერეა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი გალერეაში 18
ექსპონატს აქვს.
მასალის გამოყენების პირობები