ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს
სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის 80 მილიონი ლარია
გათვლილი.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე
განაცხადა.
„80 მილიონია გათვლილი სოციალურად დაუცველების დასაქმების
პროგრამისთვის. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას ეხება
და მათ ანაზღაურებას“,-განაცხადა აზარაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის
მიმართულებით ხარჯები მცირდება.
„რაც შეეხება კოვიდის მართვას, ნახევარ მილიარდზე მეტი გვქონდა 2022
წელს, მაგრამ 2023 წელს მნიშვნელოვნად მცირდება და 100 მილიონი ლარის
ფარგლებშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება იქიდან
გამომდინარე, რომ უკვე კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების
ჰოსპიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა ხარჯების მართვის ნაწილი, ასევე
მნიშვნელოვნად არის ინფიცირებები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ამის
საჭიროება არ გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები