ახალი ამბები
საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
FaceBook
განათლების სამინისტროს მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.
როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა.

ამასთან, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.

შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.

ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება.

2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის მასწავლებელი/თანამშრომელი ან/და სკოლის მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები აღარ დაექვემდებარებიან კარანტინს. შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება.

განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.

„სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი, როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან“,- აღნიშნულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.