"უახლოეს პერიოდში გავხსნით ახალ ოფისს
ქუთაისში"
"ქუთაისიპოსტის" მიერ "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის რაიონული
ორგანიზაციის ცენტრთან დაპირისპირების თაობაზე
გამოქვეყნებული ვიდეოსიუჟეტის შემდეგ, პარტიის
ლიდერი, ირაკლი ალასანია განმარტებას აკეთებს.
ალასანიას განცხადებით, პარტია აქტიურად ახორციელებს სტრუქტურების
რეორგანიზაციას და პარტიის განახლება და გაძლიერება მთელი საქართველოს
მაშტაბით მიმდინარეობს, უკვე წელიწადზე მეტია.
"ჩვენ ვემზადებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც
"თავისუფალი დემოკრატების" არსებობის ისტორიაში პირველად,
დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში
გამარჯვებას და განახლებული, ძლიერი პარტიული ორგანიზაციები ამ
წარმატების საყრდენი იქნება.
თბილისში, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების უმეტესობაში, უკვე
ჩატარდა სრული რეორგანიზაცია, მოეწყო რაიონული კონფერენციები და
შიდაპარტიული არჩევნები, სადაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" აირჩიეს
გამგეობები და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები.
რაც შეეხება კონკრეტულად ქუთაისს, დანარჩენი საქართველოს მსგავსად,
აქაც ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი წესდების შესაბამისად,
რეორგანიზაციის პროცესში, გაუქმდა ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის
შიდა სტრუქტურა, შიდა სტრუქტურით განსაზღვრული თანამდებობები და
უფლებამოსილებები, ეს პარტიაში ყოველდღიური რუტინული პროცესია და
ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის
კონფერენციის ჩატარებამდე, სანამ დელეგატები ახალ ხელმძღვანელობას
აირჩევენ, ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა
დაევალა გიორგი ხაზარაძეს.
გიორგი ხაზარაძის ხელძღვანელობით ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია
იწყებს აქტიურ მუშაობას ქუთაისში "თავისუფალი დემოკრატების"
შიდაპარტიული არჩევნების ორგანიზებისთვის. ვგეგმავთ, ყველა იმ
ადამიანის გაერთიანებას, ვისაც სურვილი აქვს ქუთაისის განვითარებაში
მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ, უახლოეს პერიოდში გავხსნით ახალ ოფისს
ქუთაისში, სადაც ყველა გულანთებულ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და
შემოგვიერთდეს.
აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამებრძოლს მამუკა
ხურციძეს , რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა ქუთაისის "თავისუფალ
დემოკრატებს". ჩვენთვის, "თავისუფალი დემოკრატებისთვის",
მნიშვნელოვანია თითოელი მოქალაქის თანადგომა, უფრო მეტად
მნიშვნელოვანია ის ადამიანური რესურსი, რომელიც თავს ჩვენი ოჯახის
წევრად თვლის და აქვს სურვილი "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად
განაგრძოს ბრძოლა ქუთაისის და ქვეყნის საკეთილდღეოდ" - აცხადებს
ირაკლი ალასანია.
შიდა პარტიული დაპირისპირება 2016 წლის 10 იანვარს ჩატარებული
გამგეობის სხდომის გადაწყვეტილება გახდა. რის გამოც, "თავისუფალი
დემოკრატების"
ქუთაისის რაიონული ორგანიზაცია პარტიის
ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა.
საკადრო ცვლილებას ქუთაისის რაიონულ ორგანიზაციაში ლიკვიდაციად
აფასებენ.
ამავე თემაზე:
ცენტრთან დაპირისპირება და ყრილობის მოლოდინში მყოფი ქუთაისელი
დემოკრატები (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები