ახალი ამბები
"საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან"
FaceBook
საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს,
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ,,ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალის დაათვალიერებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ,,ენგურჰესის“ პოტენციალი სჭირდება საქართველოს და სჭირდება „ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“.

,,ახლა დაიწყო ,,ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება.

,,ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ამავდროულად, ,,ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს.

გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია ,,ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

,,ენგური ატრაქციის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ,,ენგურჰესზე“ უმასპინძლა აცხადებს, რომ,,ენგურჰესს“, როგორც ტურისტული დანიშნულების ობიექტს პოპულარიზაცია სჭირდება და პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამას შეუწყობს ხელს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც დღეს განხორციელდა ,,ენგურჰესზე“, კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს კაშხლის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ვათვალიერებთ არა მარტო კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ ,,ენგურჰესის“ იმ მნიშვნელოვან ადგილებს როგორიცაა, მაგალითად აკვედუკი, ერთ-ერთი უზარმაზარი და დიდი ბეტონის ხიდი, რაზეც გადადის წყალი, რომელიც მოემართება მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურისთვის.

ეს ნაგებობა მართლა გამორჩეულია, რომელსაც წყლის მატება დაკლებასთან ერთად აქვს ამპლიტუდა, გადახრა. ამ ნაგებობაში ძალიან ბევრი საინჟინრო ღირებულებაა ჩადებული, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართველი ინჟინრები, რომლებიც ამას აპროექტებდნენ, ფუნდამენტურ მეცნიერებაზე დაყრდნობით აკეთებდნენ ყველაფერს იმ პერიოდში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხორციელდება დიდი პროექტი, რომელსაც თავისი ეტაპები გააჩნია და დრო სჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის კაშხალი, წელს უკვე ვიზიტორებისათვის გაიხსნა და მაისიდან უკვე 20 000 ვიზიტორი გვყავდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ,,ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

ამჟამად პროექტს ,,ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია ,,ენგური ატრაქცია“ ახორციელებს.

,,ენგურჰესის“ უნიკალური თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის, მეხუთე ადგილზეა და ზოგადად, კაშხლებს შორის კი მეექვსე ადგილზე. იგი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი უდიდესი ინფრასტრუქტურით. ენგურის მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

interpressnews
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.