სლავიანსკის, ბახმუტის, ავდიივკისა და კრამატორსკის მიმართულებებით
უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები შეაჩერეს და აიძულეს უკან
დაეხია,
- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის
ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით რუსებმა ველიკა კომიშუვახას,
ბრაზევკას, ზალიმანის, ვერნოპოლიეს, მაზანოვკასა და ბოგოროდიჩნის
ახლოს საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა ტიხოცკოე - დოლინას
მიმართულებით შტურმი განახორციელეს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა,
დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.
"კრამატორსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს შეტევითი ოპერაციების
ჩატარებას. ის აქტიურად იყენებს ავიაციას. დაბომბვა დაფიქსირდა
ბელოგოროვკას, გრიგოროვკას, სტაროდუბოვკას, ვესელოეს, ფედოროვკასა და
სევერსკის მახლობლად", - აცხადებენ უწყებაში.
გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ
არტილერიიდან და ტანკებიდან დაბომბა ტორეცკის, ბახმუტის,
ბელოგოროვკას, კურდიუმოვკას, ვასილიევკას, ზაიცევოსა და ჟელეზნის
ახლომდებარე ტერიტორიები. საჰაერო დარტყმები განახორციელა სოლედარის
დასახლების მიდამოში.
ოკუპანტებმა სოლედარის და კოდემას მიმართულებებით შეტევითი ბრძოლები
განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.
„ავდიივკას მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა სერებრიანის,
კრასნოგოროვკას, ოპიტნის, პერვომაისკის, ნოვობახმუტოვკასა და მარინკას
მახლობლად. ამასთან მტერმა კრასნოგოროვკასთან ავიადარტყმა
განახორციელა. ტაქტიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად ოკუპანტებმა
შეტევითი ბრძოლები ჩაატარეს პესოკისა და პერვომაისკის მიმართულებებით.
მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს", - ნათქვამია
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები