ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო
ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლები
ანტიკორუფციულ თემებზე იმსჯელებენ.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, შეხვედრაზე პოზიციებს შეაჯერებენ
და არგუმენტირებული საკითხები კანონპროექტშიც აისახება.
ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრაზე
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა
ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა მოითხოვეს. იდეის ავტორები ამბობენ,
რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი კონსენსუსით უნდა შეირჩეს
და დეპუტატთა 2/3-ის ხმებით დამტკიცდეს.
სამუშაო ჯგუფის წევრები ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ მეტ
კონკრეტულობასა და არგუმენტს დღევანდელ შეხვედრაზე ელოდებიან.
„ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფის წევრებს კორუფციასთან დაკავშირებით
პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება შესთავაზა. შესთავაზა ისიც, რომ
გამკაცრდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო არაერთ ევროპულ ქვეყანას
უსწრებს.
12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, დღესვე
გაიმართება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის
მორიგი შეხვედრაც. იმსჯელებენ საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე.
მხარეები წინა შეხვედრის შემდეგ გამოტანილ დასკვნებს განიხილავენ, რის
შემდეგადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სახის ცვლილებებს
შეიტანენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, საპარლამენტო
კონტროლის კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები