ეკონომიკის სამინისტროს მიერ წყალტუბოში სანატორიუმებზე გამოცხადებული
აუქციონი დასრულებულია.
14 მსხვილი ობიექტიდან (13 ყოფილი სანატორიუმის და ერთი ყოფილი
სასტუმროს შენობა) მხოლოდ ორი ყოფილი სანატორიუმი "მედეა" და
"თბილისი" გაიყიდა.
გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა.
სანატორიუმი „თბილისი" შპს „აკამ" შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა"
- შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ".
ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი 14 ობიექტის ჯამური
ღირებულება 47 007 300 ლარს შეადგენდა.
გასასხვისებელ ობიექტებს შორის, ყველაზე ძვირადღირებული ყოფილი
სანატორიუმის "უშიშროების" შენობა იყო, რომლის ფართი 6 686. 16 კვ.
მ-ს შეადგენს. აუქციონზე მისი გასაყიდი ფასი 8 470 000 ლარია, სადაც
შენობის ახალმა მფლობელმა 25 410 000 ლარის ინვესტიცია უნდა
განახორციელოს.
წყალტუბოს აღორძინების პირობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა
ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2019 წელს დადო. ამის შესახებ მან განცხადება
გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ქართუ ფონდი" სანატორიუმებს
შეისყიდდა, წყალტუბოს განვითარების პროექტს კი შვეიცარიული
საკონსულტაციო კომპანია „KohL&Partners“ შეიმუშავებდა.
გეგმის ფარგლებში , წყალტუბოში დამატებით უნდა აშენებულიყო ბავშვთა
მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის
მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და
რესტორნები. ჯამში, ამ ინვესტიციით ქალაქში 15 000 - 20 000 ადამიანის
დასაქმება იყო დაანონსებული.
წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მორიგ ჯერზე პრემიერმა
დააანონსა. 5 ივლისს, იმერეთში ვიზიტად მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა
განაცხადა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტში კერძო სექტორთან ერთად
სახელმწიფოც ჩაერთვება.
მასალის გამოყენების პირობები