ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის
მუნიციპალიტეტებში ტენდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული
კომპანია იგებს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, შპს "ბორანმა"
2013 წლიდან დღემდე, ტენდერების გზით 34 970 860 ლარი
მიიღო.
რაც შეეხება მის კავშირს "ქართულ
ოცნებასთან", არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შპს "ბორანის"
მოქმედი დირექტორის, ბექა არაბიძის დედა, ნინო ჩხიკვაძე, რომელიც
წარსულში კომპანიის 22% წილს ფლობდა, თერჯოლის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილეა. ნინო ჩხიკვაძემ 2022 წლის თებერვალში
შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2021 წელს მან, როგორც წარსულში
"ბორანის" მეწილემ, ასევე მისმა შვილმა (კომპანიის დირექტორმა) და
მეუღლემ (კომპანიის დირექტორის მოადგილემ) საწარმოდან ჯამში 156 893
ლარის შემოსავალი მიიღეს.
დღეს კომპანიის 66% წილს ნინო
ჩხიკვაძის დედა, თამარ ღარიბაშვილი ფლობს. ეს წილი გარდაცვალებამდე
ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ამირან ჩხიკვაძეს, რომელმაც 2017 და 2020
წლებში "ქართულ ოცნებას" ჯამში 60 000 ლარი შესწირა. ამავე პერიოდში,
"ქართულ ოცნებას", ჯამში 30 000 ლარი შესწირეს შპს "ბორანის" 10 და
16-პროცენტიანი წილების მფლობელებმა გიორგი აბულაძემ და მელანო
უკლებამ.
შპს "ბორანი" აქტიურად მონაწილეობს
სახელმწიფო შესყიდვებში: 2013 წლიდან დღემდე კომპანიამ 32 960 373
ლარის ღირებულების 52 ტენდერი მოიგო, 8 გამარტივებული შესყიდვიდან
მიღებულმა თანხამ კი 2 010 487 ლარი შეადგინა.
შპს "ბორანის" მიერ მოგებული 52
ტენდერიდან 22 ზესტაფონის, 15 თერჯოლის, 3 კი ბაღდათის
მუნიციპალიტეტზე მოდის. კომპანიამ ასევე მოიგო საავტომობილო გზების
დეპარტამენტის 12 ტენდერი, რომელთა უმრავლესობა იმერეთის ტერიტორიაზე
გზების მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას ეხებოდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს" შეფასებით, შპს "ბორანის" ჩართულობა ზესტაფონის,
თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს
ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. არასამთავრობო
ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს
შესყიდვები და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო
ნიშნებს.
მასალის გამოყენების პირობები