ზედიზედ მეორე თვეა, საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის
რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.
მონაცემებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო)
ინფორმაციაზე დაყრდნობით bpn.ge ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის,
352.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის
ივნისის მაჩვენებელზე, 195.2 მლნ კვტ.სთ-ზე, თითქმის 80%-ით
მეტია.
გასულ თვეში ქვეყნის მთავარი საექსპორტო პარტნიორები აზერბაიჯანი და
სომხეთი იყვნენ. აზერბაიჯანმა საქართველოდან 296.6 მლნ კვტ.სთ
ელექტროენერგია იყიდა, სომხეთმა კი - 54.6 მლნ კვტ.სთ.
ექსპორტის ზრდა დიდწილად ელექტროსადგურების გამომუშავების
მატებასთანაა დაკავშირებული. 2022 წლის ივნისში ელექტროსადგურების
საერთო გენერაციამ 1.48 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2021 წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 1.32 მლრდ კვტ.სთ-ზე, 12.2%-ით
მეტია და ასევე რეკორდული მაჩვენებელია - ერთ თვეში ამდენი
ელექტროენერგია საქართველოში არასდროს გამომუშავებულა.
გენერაციის ზრდას, თავის მხრივ, ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროსადგურის,
ენგურჰესის რეაბილიტაციასთან ერთად, ზაფხულის სეზონზე წყალუხვობა
იწვევს. საქართველოს გამომუშავების 99%-ზე მეტი ჰიდროენერგიაზე მოდის,
დანარჩენს კი თბოსადგურები და ქართლის ქარის სადგური იყოფენ. სწორედ
ამიტომ, ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის სიჭარბე ქვეყანას
შესაძლებლობას აძლევს გაყიდოს ის ქვეყნის გარეთ და ამ გზით დამატებითი
შემოსავალი მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები