გელათის სამონასტრო კომპლექსს დასავლეთ მკლავში განთავსებული
მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება.
ამის შესახებ კულტურის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს რწმუნებით იტალიელი სპეციალისტების
გაფართოებულმა ჯგუფმა, რომელიც გელათის მონასტერს 13 თვის წინ
ეწვია, დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა
ჩამოცვენას გადაარჩინა.
მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან
ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის
კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე
დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს
ჩაატარებენ.
კულტურის სამინისტროში იუწყებიან, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია
სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად
შეჩერებულია. თუმცა, ე.წ. გამომარილება გრძელდება. შესაბამისად,
გრძელდება სპეციალისტების მიერ 24 საათიან რეჟიმში კედლის მხატვრობის
მონიტორინგი და მარილების მოშორება. ამასთან, ოპტიმალურად
მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს
სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა
მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა
შესაძლებელი.
კულტურის სამინისტრო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ტაძრის
რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე
მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა.
სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია
მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2020 წელს დასრულდა, თუმცა,
მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში
წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური
ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა
აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა
მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას
დააბრალა. თუმცა შემდეგ სახელმწიფოს პრობლემის აღიარება მოუწია
და გელათის გადასარჩენად 2021 წლის ზაფხულიდან საქართველოში
UNESCO-ს ექსპერტთა მისია მოიწვია.
UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია
გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა
ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი
და ვინჩენცო ჩენტანი და ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი
უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი
მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა
საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის
სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო
კონკრეტული რეკომენდაციები.
ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის
მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში
ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის
ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი
კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა
არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული
რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად
დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს
დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ
და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად
შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების
შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში
გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი
ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მასალის გამოყენების პირობები