ბრიუსელში, დღეს, რუსეთის
წინააღმდეგ მორიგ სანქციებზე იმსჯელებენ.
ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო
საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. დიპლომატები იმსჯელებენ რუსეთიდან
ოქროს შესყიდვის აკრძალვაზე. საუბარი, შესაძლოა შეეხოს სანქცირებული
რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებასაც. ევროპარლამენტარები სანქციების
2023 წლამდე გახანგრძლივებას ითხოვენ.
„ვთავაზობთ, გამკაცრდეს
ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ და ისინი გახანგრძლივდეს
2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი
ფასის გადახდა“, - აღნიშნულია ევროკომისიის ხელმძღვანელის,
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.
„ევროკავშირის სანქციები
მკაცრი და მძიმეა. ჩვენი სამიზნე კვლავ პუტინი და კრემლთან
დაახლოებული პირები არიან. საბჭოს ასევე წარვუდგენ წინადადებებს
სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის შეტანის
შესახებ, მათი აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის შეზღუდვის
შესაძლებლობით“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა
წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ
ბორელმა.
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს
უკრაინაში ომის გამო არაერთი სანქცია დაუწესეს.
მასალის გამოყენების პირობები