2022 წლის ივნისში, საქართველოს 445
894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
ვიზიტორების ზრდა 2021 წლის
ივნისთან შედარებით 185.5%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2022 წლის 6
თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272
შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით.
ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით
გაზრდილია რუსეთიდან.
რადიო "თავისუფლების" ცნობით,
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი საგანგებო
რეჟიმში მუშაობს, რის შესახებაც რუსეთის საგანგებო სიტუაციების
სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის- ალანიის რესპუბლიკის მთავარ
სამმართველოში აცხადებენ.
"ყოველდღიური სამუშაო სიმძლავრე
2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, ამის მიუხედავად,
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხება ექმნება როგორც მსუბუქ, ასევე
სატვირთო ტრანსპორტს", - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული
ომის ფონზე, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გაზრდილია
სატრანზიტო ნაკადი.
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში
რუსეთიდან სახმელეთო სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, 125 204
საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელს (52 457) მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა ჩამორჩება 2019
წლის 5 თვის მაჩვენებელს (389 135 ვიზიტი).
მასალის გამოყენების პირობები