ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა
იწყება.
მშენებლობის დაწყების პროცესს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება
საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება საქართველოში,
რომელიც მოემსახურება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არამედ,
რეგიონის ყველა მცხოვრებს, ვისაც ამის საჭიროება ექნება.
"ჩვენ ვიწყებთ ადრონული
თერაპიის ცენტრის მშენებლობას. ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და
უნიკალური მნიშვნელობის პროექტი. საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო
დაწყებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე, რეგიონის
მცხოვრებლებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
ცენტრის მშენებლობის დაწყების
ცერემონიალზე იმყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ
ჩხენკელიც. მისი თქმით, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში იმუშავებს
ორი ციკლოტრონი, რომლებიც საქართველოსთვის უკვე შექმნა სიმსივნური
დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატის მწარმოებელმა კომპანია
ABA-მა და ისინი მალე ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში.
"ერთი ციკლოტრონი
მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე ციკლოტრონი მთლიანად
დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს. სულ მალე ეს ციკლოტრონები
საქართველოში იქნება", - განაცხადა მიხეილ
ჩხენკელმა.
უნივერსიტეტისა და ადრონული
თერაპიის ცენტრის მშენებლობა 1 მილიარდიანი პროექტია, რომელსაც სრულად
აფინანსებს ფონდი "ქართუ".
მასალის გამოყენების პირობები