სამოქალაქო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომდგენლები, ქვეყნის
მასშტაბით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ და მოქალაქეებს იმ
სიკეთეებზე ესაუბრებიან, რაც ევროკავშირს მოაქვს.
კამპანიის ფარგლებში, დღეს, ქუთაისში მოქალაქეებს სამოქალაქო
აქტივისტები და ჟურნალისტები შეხვდნენ და ესაუბრნენ იმაზე, თუ
რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური
თვალსაზრისით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება.
"მოსახლეობას ვესაუბრებით რა სიკეთეები მოჰყვება ევროკავშირში
გაწევრიანებას, ეს არის მაღალი პენსიები, მაღალი ანაზღაურება, უკეთესი
ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, უფრო მდიდარი საქართველო და რაც
მთავარია, მშვიდობა. ევროკავშირი მშვიდობის და კეთილდღეობის
სივრცეა", - ამბობს ისტორიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი გია
ჯაფარიძე.
"დღეს ამ ევროპულ ქალაქში ჩამოვედი და ჯერ არ შემხვედრია
ადამიანი, რომელსაც არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, არ უნდა
უკეთესი მომავალი. ხალხი გამსჭვალულია ევროპული იდეით, ამიტომ მჯერა,
3 ივლისის აქციაზე ბევრნი ვიქნებით და ხელისუფლებას ჩვენს ხმას
მივაწვდენთ", - თქვა ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა
ეკა მიშველაძემ.
საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი აქტივისტებიც მონაწილეობდნენ,
რომლებმაც მოქალაქეებს ევროკავშირის შესახებ ბროშურები დაურიგეს.
რამდენიმე დღეა მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ"" წევრები, საქართველოს
სხვადასხვა ქალაქში დადიან და მოსახლეობას ევროკავშირის სიკეთეებზე
ესაუბრებიან.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის 17 ივნისის
გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის
სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული
პერსპექტივა მიიღო. საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 6
თვეში უნდა შეასრულოს 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომელიც
ევროკომისიამ გასცა.
ნახეთ რა პირობებს უყენებს
ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის
მისაღებად
მასალის გამოყენების პირობები