1 აგვისტოდან, Wizz Air-ი ქუთაისში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს
აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას
საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილისა და ავიაკომპანია Wizz AIR-ის
კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ჟაჟა ტრუბელის შეხვედრაზე
იქნა მიღებული.
ავიაკომპანიის Wizz Air-ის წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო
ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს თბილისსა და ქუთაისში მართავს.
თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები
ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის
მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - უნგრული ავიაკომპანია
მეორე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს საქართველოში და პირველი
აგვისტოდან შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ
რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ჩვენი ტურიზმისა და
ავიაციის სექტორისთვის ევროპული მიმართულებები განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს
ტენდენციას, რომ საქართველოში როგორც ტურიზმი, ასევე სამოქალაქო
ავიაცია სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს“, -
განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის
გზებს, რომელიც ევროპაში და საქართველოშიც, ტურიზმის სწრაფ აღდგენას
თან ახლავს.
მასალის გამოყენების პირობები