ტყიბულში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა, დაზიანდა
საცხოვრებელი სახლები, ასევე ქალაქის ცენტრალური და მომიჯნავე ქუჩები
დატბორა.
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ცუცხვათი,
ორპირი, გელათი და კურსები. ადგილობრივები ამბობენ, რომ კურსებში ოთხი
ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა, რის გამოც ისინი
მაშველებმა გამოიყვანეს.
ტყიბულის მერის დავით ჩერქეზიშვილის თქმით, სამუშაოები მთელი ღამის
განმავლობაში მიმდინარეობდა.
,,სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში,
გაიხსნა ჩაკეტილი გზები, სოფელ კურსებში მოხდა ოთხივე ადამიანის
ევაკუაცია და უსაფრთხოდ არიან. საბედნიეროდ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის
მასშტაბით არ გვაქვს მსხვერპლი და დილიდანვე გაგრძელდება სამუშაოები,
ასევე, დაიწყება სტიქიით გამოწვეული ზარალის დათვლა'',-
განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.
გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან
გადმოვიდა, რის შედეგადაც იმერეთის მასშტაბით რამდენიმე სოფელი
დაზარალდა.
ფოტო: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები