რუსეთი სევეროდონეცკიდან
უკრაინელების ევაკუაციისთვის ცალმხრივად აცხადებს ე. წ.
"ჰუმანიტარული" დერეფნების მოწყობას.
სავარაუდოდ, ასეთი ქმედებებით
რუსეთი საბრძოლო ზონაში სივრცით მანიპულირების საშუალებას
იქმნის.
ამის შესახებ, ბრიტანული დაზვერვის
ინფორმაციაზე დაყრდობით, Unian წერს.
"14 ივნისიდან რუსი და
სეპარატისტი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცდილობენ ჰუმანიტარული
დერეფნების შექმნას სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის
ევაკუაციისთვის. რუსეთმა ეს სხვა დროსაც გააკეთა, როგორც ადრე
უკრაინაში, ასევე სირიაში. იგი ცალმხრივად გამოცხადებულ
"ჰუმანიტარული" დერეფნებს იყენებს, როგორც მექანიზმს ომის დროს
სივრცის მანიპულირებისა და მოსახლეობის იძულებით
გადაადგილებისთვის", - აცხადებენ ბრიტანეთის
დაზვერვაში.
ანგარიშში ვარაუდობენ, რომ
სევეროდონეცკის მცხოვრებლები რუსეთის წინადადებას უნდობლობით
მოეკიდებიან. ახლა ქალაქიდან გასასვლელი ყველა ხიდი დანგრეულია,
მაგრამ რუსეთის ფედერაციის "ჰუმანიტარული" დერეფნები მიდის
სვატოვოსკენ, ანუ ღრმად შედის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ბრიტანული დაზვერვის წარმომადგენლები თვლიან, რომ უარის შემთხვევაში
რაშისტები სევეროდონეცკში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს
გაუხსნიან.
ანგარიშში საუბარია ბრძოლებზეც.
ბოლო 48 საათის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ განაახლა მცდელობები
იზიუმის სამხრეთით წინსვლისა და ჩრდილოეთიდან სევეროდონეცკის ალყაში
მოქცევისთვის.
გენერალური შტაბის ბოლო მოხსენებაში
ნათქვამია, რომ ოკუპანტებმა ძალების კონცენტრირება მოახდინეს სამი
მიმართულებით - სლავიანსკის, ბახმუტისა და სევეროდონეცკის. ბრძოლა
ცალკეულ ოპერატიულ რაიონებში გრძელდება. დიდი დანაკარგების გამო,
რუსეთის ფედერაციის სარდლობა იძულებული გახდა საბრძოლო ზონიდან
გაეყვანა 1-ლი არმიის კორპუსის მე-11 მოტორიზებული პოლკის ცალკეული
ნაწილები საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად.
უკრაინაში 115 დღეა
ომია.
მასალის გამოყენების პირობები