შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, იმერეთში, თბილისში,
ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში 14
ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით
დაკავებულები არიან.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“,
„ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“
ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების
ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები
და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ
ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ
ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა
სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და
აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით,
260-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. მხოლოდ მიმდინარე წელს,
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და
ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები