ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინაში, სევეროდონეცკის დიდი ნაწილი
დაიკავა და არტილერიის ძლიერი კონცენტრაციის წყალობით, განაგრძობს
ლოკალური წარმატებების მიღწევას.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ოკუპანტ ქვეყანას
წარმატება დიდი დანაკარგის ფასად უჯდება.
დაზვერვის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის ახლა
მთავარი მიზანი მდინარე სევეროდონეცკის გადალახვაა.
„ისინი ცდილობენ გაიმაგრონ ლუგანსკში დაკავებული პოზიციები და
დონეცკზე გადავიდნენ“, - აღნიშნავს ბრიტანული
დაზვერვა ტვიტერზე.
დაზვერვა მდინარის გადალახვის ორ შესაძლო ადგილს ასახელებს:
„სევეროდნეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ახლახან დაკავებულ
ლიმანთან ახლოს. ორივე მონაკვეთზე მდინარის ზოლს სავარაუდოდ, კვლავაც
აკონტროლებენ უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც ხიდები
გაანადგურეს“.
უწყების ვარაუდით, რუსეთს მცირე ტაქტიკური პაუზა დასჭირდება, რათა
მდინარის გადალახვისთვის ძალები გადააჯგუფოს და მოემზადოს შეტევისთვის
დონეცკის სიღრმეში, სადაც უკრაინის ძალებს თავდაცვითი პოზიციები აქვთ
გამაგრებული.
ბრიტანული დაზვერვა ანგარიშს ყოველდღიურად აქვეყნებს.
უკრაინაში 99 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს
დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე,
მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები