საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ
მიმართვაში, ოკუპაციაზე და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთი
აგრძელებს პროვოკაციას და ავრცელებს დეზინფორმაციას აფხაზეთსა და
ცხინვალში, თითქოს, საქართველო ძალით ეცდება ტერიტორიების
დაბრუნებას.
,,ჩვენი ოკუპირებული
ტერიტორიებიდან გამოწვევები არ ცხრება, პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში
მცდელობაა, თითქოს საქართველომ დრო იხელთოს და ძალით ეცადოს
ტერიტორიების დაბრუნებას. ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და
ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს
დააპირებს თქვენ წინააღმდეგ. ყველასათვის ნათელია, რომელი ქვეყანა
ემუქრება დღეს მის მეზობლებს, მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას
და თუნდაც, სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ, რომ როგორც
წარსულში ვქმნიდით ერთად ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ
თანასწორუფლებიანი მომავალი, გთავაზობთ ევროპულ ერთიან მომავალთან
შემოერთებას, გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის იდენტობის,
კულტურის და ისტორიის პატივისცემას და დაცვას. გთავაზობთ ახალ
თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია - რეფერენდუმის და
ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს შედეგს", - განაცხადა
პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთმა კიდევ ერთი
საბედისწერო დანაშაული არ უნდა დაუშვას და კიდევ ერთხელ არ უნდა
სცადოს საერთაშორისო ნორმების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება
და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ
რეაქციას.
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის
აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება. დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება საქართველოს ყველა
ქალაქში.
1918 წლის 26 მაისს, პირველმა
რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 3 წლის შემდეგ,
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა
და ჩვენს ქვეყანას 70 წლით წაართვა თავისუფლება. 1991 წლის 9 აპრილს,
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველომ
დამოუკიდებლობა ისევ აღადგინა, ამიტომ, 1918 წლის 26 მაისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ მიიჩნევა.
მასალის გამოყენების პირობები