ქუთაისის ადგილობრივ
თვითმმართველობაში კიდევ ერთი ააიპ ორგანიზაცია იქმნება.
"ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია"
- ასე ერქმევა ახალ დაწესებულებას, რომელიც ზედამხედველობის
სამსახურის ბაზაზე დაფუძნდება. ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია იგივე
იქნება, რაც ზედამხედველობის სამსახურს აქვს, ერთადერთი, რასაც ახალი
ააიპი შეითავსებს, მუნიციპალური საკუთრების დაცვაა. როგორც ირკვევა,
კიდევ ერთი ააიპის შექმნის ერთადერთი რეალური მიზეზი, სამი წლის წინ
მერიისგან გამოყოფილი არქიტექტურის სამსახურის თვითმმართველობაში
დაბრუნებაა.
"ააიპის შექმნის მიზანია,
უპირველეს ყოვლისა, კანონის ფარგლებში მოქცევა და არქიტექტურის
სამსახურის დაბრუნება მერიის სტრუქტურაში. ახალ სამსახურს კი,
კანონშესაბამისად მანამდე ვერ შევქმნიდით, ვიდრე რომელიმეს არ
გავაუქმებდით ან არ შეერწყმებოდა სხვა სამსახურს. გარდა ამისა,
ქუთაისის მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება მუნიციპალური საკუთრების
დაცვა, რაც ახალი ააიპის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება. თქვენი აზრით,
რამდენი სკვერი განადგურდა გაკეთების დღესვე? ამაზეც იქნება
პასუხისმგებელი ეს ორგანიზაცია", - განმარტა ირაკლი
გიორგაძემ.
ცვლილების შედეგად, ქუთაისის მერია
სამი წლის წინ შექმნილ ა(ა)იპ ,,ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული
დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს აუქმებს და ისევ სამსახურად
აბრუნებს, რომელსაც "სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო ნებართვების
სამსახური" ერქმევა, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის ლიკვიდირების
ხარჯზე, ახალი ააიპი შეიქმნება.
ქუთაისის მერია სამი წელია ვერ
გაერკვა, რომელი ჯობია - არქიტექტურის სამსახური თუ არქიტექტურის
ააიპი.
ნახეთ ამ თემაზე ქუთაისიპოსტის მიერ
მომზადებული მასალა:
ეს არ არის ერთადერთი სტრუქტურული
ცვლილება, რომელიც დღეს საკრებულოს სხდომაზე რეორგანიზაციის ფარგლებში
დაამტკიცეს. მერიის გადაწყვეტილებით, უქმდება საბინაო სამსახური და
განყოფილების სახით ინფრასტრუქტურის სამსახურს უერთდება.
ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა,
საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტიის აქტივისტების
დასაქმების კიდევ ერთი გზაა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"
თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობა ამით
ცდილობს მისთვის არასასურველი კადრები გაუშვას და ბიუჯეტის ხარჯზე
საკუთარი მხარდამჭერები დაასაქმოს.
"ეს რეორგანიზაცია არ
ემსახურება იმას, რომ ქუთაისის მერიის მუშაობა გაუმჯობესდეს.
ერთადერთი მოტივაცია არის კონკრეტულად "ქართული ოცნების" ძველი გუნდის
წევრები და მათი ახლობლები გაუშვან სამსახურებიდან და ახალი მერის და
ახალი გუნდის მხარდამჭერები მოიყვანონ", - ამბობს გიგა
შუშანია.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია
მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისში უნდა
დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები