უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ
ზელენსკი დავოსში მიმდინარე „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე“ სიტყვით
გამოვიდა.
ზელენსკიმ ბიზნესის წარმომადგენლებს
მიმართა და მოუწოდა მათ, ვისაც ჯერ არ დაუტოვებია რუსეთი, გააკეთონ
ეს. მისი თქმით, კომპანიებს, რომლებიც რუსეთს დატოვებენ, მიესალმებიან
უკრაინის ბაზარზე.
„აუცილებელია შეიქმნას
პრეცედენტი რუსეთიდან ყველა უცხო ქვეყნის სრული გაყვანის, რათა ისინი
არ გამოიყენონ რუსეთის სისხლიანი ინტერესებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ
მსოფლიოს შანსს, შექმნას პრეცედენტი იმისა, რა მოხდება, თუ რომელიმე
სახელმწიფო შეეცდება მეზობლის განადგურებას. გიწვევთ, მონაწილეობა
მიიღოთ ამ რეკონსტრუქციაში“, - აღნიშნა
ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთს
„მაქსიმალური სანქციები“ უნდა დაუწესონ იმისთვის, რომ ეს შემაკავებელი
ფაქტორი გახდეს რუსეთისთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელსაც
სურს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრას. მისი თქმით, ჯერჯერობით
ასეთი სანქციები არ არსებობს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა
სრული ემბარგო ნავთობის იმპორტზე, ყველა რუსული ბანკის, გამონაკლისის
გარეშე, გათიშვა გლობალური სისტემებიდან, რუსეთის IT სექტორის
მიტოვება და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა.
"ეს არის მომენტი, როდესაც
გადაწყდება, განაგებს თუ არა სასტიკი ძალა მსოფლიოს", - თქვა
ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა იმაზე მეტხანს
იბრძვის, ვიდრე მოსალოდნელი იყო და რომ ქვეყანას არ მოუწევდა ამდენი
მსხვერპლის ატანა, თუ რუსეთს მკაცრ სანქციებს გასული წლის შემოდგომაზე
დაუწესებდნენ.
უკრაინაში 89 დღეა ომია. რუსი
აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები