უკრაინაში გაჩაღებული ომის ერთ-ერთ
მიზანს, კრემლმა შეერთებული შტატებისა და ნატოს გავლენის შესუსტება
უწოდა.
"სპეციალური ოპერაციის"
მესამე თვის ბოლოს, რუსეთის ფედერაციის ანტინატოს სტრატეგიამ
განაპირობა ალიანსის გაფართოება პირდაპირ რუსეთის
საზღვრამდე", - წერს უკრაინული გამოცემა
"უნიანი".
2022 წლის მარტის დასაწყისში,
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინაში
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნებს შორის იყო რუსეთისთვის
სამხედრო საფრთხის აღმოფხვრა, რომელიც მოდიოდა უკრაინის სურვილით
ნატოში გაწევრიანების გამო.
2022 წლის მაისის შუა რიცხვებისთვის რუსეთის ამ სტრატეგიამ
"სარგებელი" მიიღო. რუსეთის მხრიდან ნატოს შანტაჟმა აიძულებინა
ალიანსი "დაბრუნებულიყო 1997 წლის საზღვრებში", მოიტანა ის, რომ 18
მაისს შვედეთმა და ფინეთმა შეიტანეს განაცხადი ამ საერთაშორისო
ორგანიზაციაში წევრობისთვის.
მომენტი ნამდვილად ისტორიულია, იმის
გათვალისწინებით, რომ ფინეთი არ შეუერთდა სამხედრო ბლოკებს და
ნეიტრალური დარჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო შვედეთი ნეიტრალური
იყო ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მანამდე, 2021 წლის დეკემბერში,
რუსეთის ფედერაციამ ცივილიზებულ სამყაროს ულტიმატუმი "წაუყენა",
რომელსაც "უსაფრთხოების გარანტიები" უწოდა. მათი თქმით, რუსეთმა რომ
თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, ალიანსმა არამარტო არ უნდა მიიღოს ახალი
წევრები (მათ შორის უკრაინა), არამედ, დაუბრუნდეს 1997 წლის
მდგომარეობას. ანუ, თავისი ძალები ბულგარეთიდან და რუმინეთიდან
გაიყვანოს. ამავდროულად, რუსეთმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ
თავდაუსხმელობის გარანტიების მიცემაზე.
"უნიანის" ინფორმაციით, ასეთი
მოთხოვნების შემდეგ, ალიანსი მზად იყო წასულიყო გარკვეულ დათმობებზე,
მაგალითად, გამორიცხულიყო უკრაინაში საბრძოლო დანაყოფებისა და
სახმელეთო სარაკეტო სისტემების გრძელვადიანი განლაგება, თუ რუსეთის
ფედერაციაც იგივეს იზამდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კრემლმა არ დათმო მისი
გიჟური იდეები. შედეგი იყო რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა
უკრაინაში.
აღსანიშნავია, რომ პირველ დღეებში
და თუნდაც კვირებში, დასავლეთს არ სჯეროდა, რომ უკრაინა შეძლებდა
რუსეთის ფედერაციის უკუგდებას. თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსული
ჯარები შეიჭრნენ კიევში, ნატომ ნათლად აჩვენა, რომ ალიანსს არ სურდა
რუსეთთან ომი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შეჭრა უკრაინაში
გადაიზრდებოდა გრძელვადიან ოკუპაციაში, შესაძლებელი იქნებოდა
უკრაინული პარტიზანული მოძრაობის მხარდაჭერა. უკრაინის ძლიერი
წინააღმდეგობისა და რუსების გეგმების ჩაშლის შემდეგ, რუსეთმა სახის
შესანარჩუნებლად დაიწყო იმის თქმა, რომ "მსოფლიოს მეორე არმია" "ვიღაც
უკრაინელთან" კი არ იბრძვის, არამედ ნატოს ყველაზე საუკეთესო
არმიასთან.
სიტუაციის ირონია იმაში
მდგომარეობს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად მოახერხა "ევროპის უსაფრთხოების
არქიტექტურის საფუძვლების აღდგენა". უკრაინაში დიდი ომის გაჩაღების
შემდეგ, მოსკოვმა აიძულა ყველა დასავლელი მეზობელი (ბელორუსის გარდა)
სერიოზული სამხედრო დაგეგმარებისთვის მიემართა. შედეგად, ფინეთმა და
შვედეთმა, როგორც ზემოთ აღინიშნა, განაცხადი შეიტანეს ალიანსში
გაწევრიანებისთვის.
ფინეთის სახელმწიფო ქონებისა და
ევროკავშირთან ურთიერთობის მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა ერთ-ერთ
ტელეარხზე განაცხადა, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანების სურვილი
ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრითაა განპირობებული.
ფინელებმა ჩათვალეს, რომ უკრაინაში
წარუმატებლობას შეიძლება აეძულებინა ვლადიმერ პუტინი გამოსავალი ეძია
სხვა ქვეყნებზე თავდასხმაში. ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმას,
რომლებიც ნატოს წევრები არიან და ამერიკული "ქოლგის" მფარველობის ქვეშ
იმყოფებიან, რუსეთი ფინეთზე თავდასხმას არჩევდა. ასე იფიქრეს
შვედებმაც - თუ ვლადიმერ პუტინი კონფლიქტს წამოიწყებს ფინეთთან, მაშინ
ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან ამ ომში, "რადგან, შეიარაღებული
რუსეთი მათ კარებთან იქნება", - თქვა ევროპარლამენტარმა
ბერნარ გეტამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამის პარალელურად, ბალტიისპირეთის
ქვეყნებმა და პოლონეთმა ალიანსს სთხოვეს მნიშვნელოვნად გაეფართოებინა
სამხედროების რაოდენობა მათ ტერიტორიებზე. "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით,
ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ერთობლივ წინადადებაში
ნათქვამია, რომ "რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესია ნატოს
მოკავშირეების წინააღმდეგ" არ არის გამორიცხული, ამიტომ სთავაზობდნენ
თითოეულ ქვეყანაში 20000-მდე სამხედრო კონტინგენტის
გაგზავნას.
უფრო მეტიც, "ბლუმბერგის" ცნობით,
ნატოს ახალ სტრატეგიაში, რომელიც ივნისში იქნება მიღებული, ალიანსმა
შესაძლოა რუსეთის ფედერაცია "დაუყოვნებელ საფრთხედ"
დაასახელოს.
"უნიანი" მკითხველს შეახსენებს, რომ
ნატოს ამჟამინდელი კონცეფცია დამტკიცდა ჯერ კიდევ 2010 წელს და მასში
ნათქვამია, რომ "ევროატლანტიკური რეგიონი მშვიდობიან მდგომარეობაშია",
ხოლო რუსეთს დოკუმენტში "სტრატეგიულ პარტნიორს"
უწოდებენ.
...რუსეთი უბრალოდ მთელი ძალით
ცდილობს არ აღიაროს თავისი აშკარა სტრატეგიული მარცხი. მისი
წარუმატებლობა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ სულ რაღაც სამ თვეში
რუსეთის ფედერაციის საზღვარი ნატოსთან ათასი კილომეტრით გაიზარდა და
ბალტიის ზღვა ალიანსის ქვეყნების სრული გავლენის ქვეშაა, არამედ,
წარუმატებლობა იმითაც არის განპირობებული, რომ ეს საზღვარი უკრაინის
ხარჯზე შეიძლება ორ ათას კილომეტრზე მეტით გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები