"რუსები არ წყვეტენ შეტევას
მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ინფრასტრუქტურაზე" - წერს უკრაინული
გამოცემა „უნიანი“.
გამოცემა ინფორმაციას ომის
შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტზე (ISW) დაყრდნობით
ავრცელებს.
ექსპერტების თქმით, რუსული არმია
"აგრძელებს საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს" ფოლადის ქარხანაზე.
მათი დასკვნით, "აზოვის" ბატალიონის მეთაურები და რიგითი უკრაინელი
მებრძოლები ჯერ კიდევ ქარხანაში იმყოფებიან.
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ
უკრაინის თავდაცვის ნარჩენები ჯერ კიდევ ქარხანაშია, მიუხედავად ბოლო
რამდენიმე დღის ევაკუაციისა", - წერს ISW.
ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს აზოვსტალის ფოლადის ქარხნის
მიწასთან გასწორებას მისი აღების დასრულების შემდეგ.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ
კრემლს შესაძლოა იმედი ჰქონდეს, რომ აზოვსტალიდან და უკრაინის სხვა
განადგურებული ინფრასტრუქტურიდან შემოსავლის დაკარგვას ზაპოროჟიეს
ატომური ელექტროსადგურიდან ამოღებული მოგებით
აანაზღაურებს.
"აზოვსტალიდან" უკრაინელი
მებრძოლების, მათ შორის - დაჭრილების გამოყვანა 16 მაისს მოულოდნელად
დაიწყო და 17 მაისსაც გაგრძელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბის ინფორმაციით, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან 16 მაისს
ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო და მარიუპოლის კიდევ 211
მცველი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
აცხადებს, რომ "აზოვსტალიდან" მათ "ტყვედ ჩაბარდა 265
ბოევიკი".
16 და 17 მაისს "აზოვსტალიდან"
გამოყვანილი ყველა მებრძოლი, დაჭრილებიცა და ჯანმრთელებიც, რუსეთის
მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები